სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

ნიკა მელია – ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ჯდომას და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ

ნურავის ნუ ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ვიდრე ის არ გამოვა გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი ჰყავთ ციხეში, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, გარდა სამარცხვინო, მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ვიდრე ის არ გამოვა გარეთ, არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა, არა მხოლოდ როგორც დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს აქციაზე მივიდნენ.

„მადლობა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც დღეს აქ მოვიდა, გაიზიარა ეს ტკივილი და საფრთხე, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით ყველანი ერთად. ვნახე აქ ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ასე უნდა აშენდეს თანამედროვე სახელმწიფო, ეს აქცია არ და ვერ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ჩატარებული. ამ ქვეყნის მომავალსა და ღირსებას სჭირდება ზრუნვა. მადლობა, რომ როგორც ერთნი, ისე დავდექით, აურაცხელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა. ყველაფერთან ერთად, უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას უკავშირებთ ამ რაოდენობის ადამიანის გამოსვლას ქუჩაშიო? ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რეალურად ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს. ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო. იმაზე ბევრნი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა, რადგან ისტორიულად, ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება, გარდამტეხ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა. ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და თავისუფლების მოედანზე, სადაც სული დალია უამრავმა ქართველმა წინაპარმა, რათა თავისუფლად ჯერ კიდევ საქართველოს დროშებს ეფრიალა, ამ დროშების დაწევის უფლებას არავინ არავის მისცემს, ამიტომ ვართ აქ ბევრი. მეკითხებიან, რა საღამო იყო დღეს აქ, რას ვაკეთებდით? პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე. დღეს ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ. მთელმა მსოფლიომ დაინახა რას ნიშნავს, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა ცივილიზებული ფორმით, სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, ბედნიერებაც იყოს, რადგან ხელის გაწვდენის მანძილზე ჩვენ გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს“,  – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, „თუკი ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იმავეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსოწრებას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვების მოპოვებისთვის, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა“.

„ჩვენი ძალა არის სიმრავლეში, თავს უფლებას მივცემ და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების სახელით ვეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაში შენ ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ დავიცავთ ამ ქვეყნის მომავალსა და ღირსებას. არც ერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა, ამდენ ადამიანს ვერავინ, ვერც როდიონოვი, ვერც პუტინი ვერ დაამარცხებს ვერასოდეს, რადგან მართლები ვართ, როგორც არასოდეს. მეგობრები კითხულობენ, რა არის თქვენი გეგმა, გეგმა არის ერთადერთი, გეგმა მეორე ვერ და არ იქნება, ეს გეგმა არის გამარჯვება, გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა. ჩემი თხოვნა იქნება, ყველა, 30 ოქტომბრამდე უნდა გადავნაწილდეთ საარჩევნო უბნებზე, დამკვირვებლებად და წარმომადგენლებად, არ დავიზაროთ, იქ უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი, რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ ამ ქვეყნის მომავალი. გამადიდებელი შუშით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს. გამადიდებელი შუშით შეხედავს მთელი დასავლური დემოკრატია. თუ კიდევ გაბედავს ბიძინა ივანიშვილი ჩვენ აბუჩად აგდებას, უღირსი უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამას აპატიებს. 30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად, რათა წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, შემოქმედებითი ენერგია და თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ სწავლაა პიროვნული განვითარების საფუძველი, ხოლო განათლებული და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდა კი ქვეყნის პროგრესს უყრის საფუძველს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერითა და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი, 2025-2026 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა 103-ე ნაკადის მიღება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მე-3 და მე-4 სასწავლო კორპუსების მიმდებარე ღია საუნივერსიტეტო სივრცეში მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობა სტუ-ის სამივე საფეხურის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს. საუნივერსიტეტო სივრცეში გამოფენილი იყო სტუ-ის მეცნიერთა და სტუდენტთა კვლევითი და აკადემიური მიღწევების ამსახველი ფოტოკოლაჟები, ასევე, ექსპოზიციები სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრებით.ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სტუდენტებსა და განსაკუთრებით პირველკურსელებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს - კანცლერს, სტუ-ს სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს და ვიცე-რექტორებს - ფაკულტეტების დეკანებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ პირველკურსელებო - თქვენ იმ ინტელექტუალური სივრცის ნაწილი გახდით, სადაც ინჟინერია, დიზაინი, არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესტექნოლოგიები, სამთო-გეოლოგია და მთის მდგრადი განვითარება, აგრარული და ქიმიური მიმართულებები, სამართალმცოდნეობა, სოციალური მეცნიერებები, ინფორმაციული სისტემები და ახალი ტექნოლოგიები ინოვაციურ აზროვნებაში ერთიანდება; თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს შეგასწავლიან გამოჩენილი მეცნიერები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც ცხოვრება მიუძღვნეს ახალი თაობების აღზრდას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.ახალგაზრდობა ის პერიოდია, როცა გონება უფრო გამჭრიახია, აღქმის უნარი უფრო მძაფრი, შემოქმედებითი პოტენციალი - უდიდესი; ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, შემოქმედებითი ენერგია და თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ სწავლაა პიროვნული განვითარების საფუძველი, ხოლო განათლებული და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდა კი ქვეყნის პროგრესს უყრის საფუძველს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერია იმით, რომ აქ იბადება აზრი, რომელიც ქმნის მატერიას; თქვენი თაობა ცხოვრობს ეპოქაში, სადაც ცოდნა ინტელექტუალური პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, გისურვებთ იფიქროთ მეტი, წაიკითხოთ და გაითავისოთ, ეძიოთ და იპოვოთ. ჩვენ, თქვენი მასწავლებლები, როგორც პარტნიორები თქვენ გვერდით ვიქნებით იმ დიდ გზაზე, რომელიც განათლებასა და მეცნიერებაზე გადის. გახსოვდეთ - ცოდნა ძალაა მხოლოდ მაშინ, როცა მას მიზანთან და პასუხისმგებლობასთან შეაზავებთ.ახალგაზრდებო, სწავლასთან ერთად თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ საუნივერსიტეტო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში, რითაც სტუდენტურ ცხოვრებასაც გაიმრავალფეროვნებთ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი ტრადიციების გამგრძელებლებიც გახდებით.ახალი სასწავლო წლის დაწყებას, სტუდენტებთან ერთად, ვულოცავ პედაგოგებსა და მეცნიერებს - ჩვენს კოლეგებს, რომელთაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში! წარმატებას გისურვებთ მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას,” - განაცხადა დავით გურგენიძემ.დავით გურგენიძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა თითქმის 90%-მა პირველ უმაღლეს სასწავლებლად სტუ მიუთითა და არჩევანიც შესაბამისი გააკეთა, რაც ქვეყნის განათლების სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე მიუთითებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, ახალგაზრდები თავიანთ არჩევანში არ შემცდარან, რადგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში უძველესი და ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც 170 საგანმანათლებლო პროგრამაზე 23 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. დავით გურგენიძის თქმით, ახალ აკადემიურ წელს უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება და სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, მათ შორის ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირველკურსელებს არაერთ სიახლეს სთავაზობს.სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელიც საუკუნეზე მეტია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს, ბოლო წლებში განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან აკადემიურ, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ წარმატებას მიაღწია. როგორც სტუ-ის კანცლერმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც დასაქმების ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან, წარმატებით საქმდებიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიულ საწარმოებში.საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ახალგაზრდებს წარმატება უსურვეს სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, ვიცე-რექტორებმა - თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღია საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი სასწავლო წლისა და ახალი სტუდენტური თავგადასავლების დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა. სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგნენ სხვადასხვა ჟანრის საუნივერსიტეტო სტუდენტური მუსიკალური ჯგუფები: Music Art House, დუეტი - Sounds like Love, გოგონათა ვოკალური ტრიო - DayDream, მომღერალი - ნუცა ხუჯაძე, ბენდი - Next station, ეთნოჯგუფი „მარე“; საკონცერტო პროგრამის მეორე ნაწილი სტუ-ის კურსდამთავრებულს - DJ ლაშა სულთანიშვილს დაეთმო, რომელმაც ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა. სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.სტუ-ის ინფორმაციით, რექტორის მხარდაჭერით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 2025-2026 წელს ჩარიცხულ ყველა პირველკურსელს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა.

გურამ მაჭარაშვილი: გახარია მიხვდა, რომ „არც იქინე მიიღებდნენ“ და არც აქ მოესვლებოდა – ახლა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და პარლამენტში შემოსვლა უნდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას „ქრონიკასთან“ აფასებს.„გახარია მიხვდა, რომ „არც იქინე მიიღებდნენ“ და არც აქ მოესვლებოდა. ახლა პრაქტიკულად პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და პარლამენტში შემოსვლა უნდა. პარლამენტი თუ ლეგიტიმური არ არის და მარტო ეს შესანიშნავი 12-ეულია ლეგიტიმური, მაშინ თავიანთ ოფისში დასხდნენ და იყვენ თავიანთ ლეგიტიმურ ოფისში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის საელჩოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს და ეს უნდა შეიცვალოს.„ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე  კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა, ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის ფაქტობრივად ყველა ქვეყანა, მათ შორის, შუა აზიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, ეს არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული ამ ქვეყნებს შორის. ირონიულად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე. ხედავთ, სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია. კატასტროფაა. ვერც ახსნი, მით უმეტეს, ვერც გაამართლებ ამ ყველაფერს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის დადასტურება

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება.„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხსა და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს“, – განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია და საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე შენდება ახალი მწვანე ქალაქი – მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო.ფრანგული მედიის ინფორმაციით, ციხის საკნებიდან პატიმრების შეძახილი ისმოდა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, „სარკოზი აქ არის“.თავად ნიკოლა სარკოზიმ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უდანაშაულოა.„უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავათს. სიმართლე გაიმარჯვებს“, – დაწერა ნიკოლა სარკოზიმ.ამასთან, ციხის დირექტორის განცხადებით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების შესაძლებლობა, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

ბოლო სიახლეები