ჩვენ მხარს ვუჭერთ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძეს. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, იქ ჩვენ კანდიდატს არ დავაყენებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან საბურთალოზე ბევრი ოპოზიციური კანდიდატია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს.
„ვინაიდან საბურთალოზე ბევრი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატია, მივიღეთ გადაწყვეტილება, კანდიდატი არ დავაყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის შემუშავება ხმების ერთობლივად დაცვასთან დაკავშირებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ მჭიდროთ ვითანამშრომლებთ და კიდევ უფრო მთავარი შეთანხმება, რაც სექტემბერში მოხდება, ოპოზიცია შეთანხმდება იმაზე, რომ არავინ არ ითანამშრომლებს არადემოკრატიულ ძალასთან „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
როგორ ცნობილია, ვაკეში კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, გლდანში – ნიკა მელია, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე კი შალვა შავგულიძე.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების ურთიერთდაცვის შესახებ დეკლარაცია მიიღეს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.