ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი, ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“,- წერს ნიკა გვარამია.
ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.