სამშაბათი, მარტი 10, 2026

ნიკა გვარამია – შეუძლებელია სერიოზულად საუბარი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს, „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება

შეუძლებელია სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს. ყველა ასეთ შეხვედრაზე ხაზგასმით ვამბობთ, რომ „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მხრიდან არავითარი მოწოდებები არ ყოფილა.

„ინფორმაციები გავცვალეთ, რა ხდება ქვეყანაში, რას უნდა ველოდოთ. მაგალითად, ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, ამ ინფორმაციების გაცვლისთვის შეიძლება სისხლისსამართლებრივი საქმე აღგვიძრან. ეს არ არის მკითხაობა და მოსაზრება. ასეთი სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს ადამიანებს, რომლებიც იმ ოთახში ვისხედით და მათაც, ახლა ვინც შევიდა. ამიტომ შეუძლებელია სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს. ეს პრობლემები მათ დაახვავეს, რათა შემდეგ ვითომ დათმონ და სანაცვლოდ რაღაც მიიღონ. ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე რომ, რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს.

არავის არაფერი მოუთხოვია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ. მით უმეტეს, როცა მეგობრები ციხეში გვყავს, რა უფლება გვაქვს, ვინმეს რამეზე ველაპარაკოთ ან ვის აქვს უფლება, ჩვენ ეს მოგვიწოდოს? არავითარი მოწოდებები არ ყოფილა, პირიქით, ჩვენ ყველა ასეთ შეხვედრაზე ხაზგასმით ვამბობთ, რომ „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება. იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო. ვალდებული ვართ, ვისაუბროთ, მაგრამ ვიდრე გვყავს პოლიტპატიმრები, ნაცემი, მოწამლული ხალხი და არცერთი დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, ირანს არაფერი დარჩა

ვფიქრობ, ფაქტობრივად ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, მათ არაფერი დარჩათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ,,სიბიეს ნიუსთან” სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. ,,ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია. მათ არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, კომუნიკაციები, საჰაერო ძალები. მათი რაკეტები მიმოფანტულია. დრონები კი მთლიანად განადგურებულია, მათ შორის დრონების წარმოება. თუ დააკვირდებით, მათ არაფერი დარჩათ. სამხედრო თვალსაზრისით არაფერი დარჩათ“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, ტრამპის თქმით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერისთვის, მოჯტაბა ხამენეისთვის არანაირი გზავნილი არ აქვს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას მხედველობაში ჰყავს ვიღაც, ვინც ხამენეის შეცვლის, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ამასთან, აშშ-ის პრეზიფენტმა განაცხადა, რომ აშშ–ს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. ,,ირანმა ყველაფერი ესროლა, რაც კი შეიძლება და ჯობია არაფერი სცადონ, თორემ ეს ამ ქვეყნის დასასრული იქნება. თუ რამე ცუდს გააკეთებენ, ეს ირანის დასასრული იქნება და ამ სახელს ვეღარასდროს გაიგებთ“, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა, რომ ომი საბოლოოდ მალე დასრულდებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „პასუხი მხოლოდ ჩემს გონებაშია, სხვა არავის“.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ,,საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო, როგორც ეს დამახასიათებელია რუს და ამერიკელ ლიდერებს შორის დიალოგისთვის. მათ დიდი ხანია, ტელეფონით არ უსაუბრიათ, ბოლო საუბარი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ჰქონდათ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც ადრე იყო შეთანხმებული, ასეთი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, რეგულარულად უნდა მოხდეს და ორივე ლიდერმა ამისთვის მზადყოფნა გამოთქვა”, – აღნიშნულია უშაკოვის განცხადებაში. მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული არაერთი კრიტიკული საკითხი განიხილეს, მათ შორის ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებული ვითარება და უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა არაერთი მოსაზრება, რომელიც მიმართულია ირანის კონფლიქტის სწრაფ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოგვარებაზე. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა შეაფასა აშშ-ისრაელის მიმდინარე ოპერაციის კონტექსტში განვითარებული ვითარება. უშაკოვის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან არსებითი და სასარგებლო აზრთა გაცვლა შედგა. ამასთან, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ინტერესი უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულების მიმართ, რათა მიღწეული იყოს გრძელვადიანი მოგვარების საკითხი. ამასთან, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ვენესუელის საკითხი, ძირითადად გლობალურ ნავთობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით.

მასუდ ფეზეშქიანი – მოჯტაბა ხამენეის სულიერ ლიდერად არჩევა ასახავს ხალხის ნებას მმართველობაში, ქვეყნის პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი გახდება მისი ბრძნული ხელმძღვანელობით

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, მოჯტაბა ხამენეის სულიერ ლიდერად არჩევა „ასახავს ხალხის ნებას მმართველობაში“.„ქვეყნის პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი გახდება მისი ბრძნული ხელმძღვანელობით, საზოგადოების ნდობასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნით“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.შეგახსენებთ, ირანის სულიერ ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ ირანის ხელისუფლება გავაფრთხილეთ, მიუხედავად ამისა, ირანი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს, რაც მის თურქეთთან მეგობრობას საფრთხეს შეუქმნის

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას განაგრძობს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ირანის ქმედებებს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს.მისივე განცხადებით, კვიპროსში ექვსი „F-16“ თვითმფრინავის განლაგების შემდეგ, დამატებითი ზომების მიღებას გააგრძელებს.„დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ირანს, რომ მათ დანაშაული არ უნდა გაიმეორონ. ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ მოვლენების განვითარება ჩვენს ნატოელ და სხვა მოკავშირეებთან ერთად და გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს ჩვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დამატებითი ზომების განსახორციელებლად. ჩვენ ირანის ხელისუფლება გავაფრთხილეთ, მაგრამ გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, ირანი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს, რაც მის თურქეთთან მეგობრობას საფრთხეს შეუქმნის“, – განაცხადა ერდოღანმა.

ფრიდრიხ მერცი – ირანი საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრია და ეს ცენტრი უნდა დაიხუროს, ამერიკელები და ისრაელელები ამას საკუთარი გზით აკეთებენ

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ირანი საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრია, რომელიც უნდა დაიხუროს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ირანი საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრია და ეს ცენტრი უნდა დაიხუროს, ამერიკელები და ისრაელელები კი ამას საკუთარი გზით აკეთებენ. რაც უფრო მალე დასრულდება მოლების რეჟიმი, მით უფრო მალე დასრულდება ომი.სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა სრულად რეჟიმსა და ე.წ. რევოლუციის გუშაგთა კორპუსზეა დამოკიდებული. ვიდრე ეს ასე არ მოხდება, ვვარაუდობ, რომ ისრაელი და ამერიკა გააგრძელებენ ამ რეჟიმისგან დაცვას, რადგან ამ რეჟიმის მიერ შექმნილი საფრთხე ქვეყნისა და რეგიონის ფარგლებს სცილდება“, – აღნიშნა მერცმა.

ბოლო სიახლეები