ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე – ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ხალხი ქუჩებში არის ცვლილებების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან – „ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“.
„საქართველოში რთული ვითარებაა ძალიან. მთავარი, რაც ამ, სირთულეს ქმნის, ეს არის ხელისუფლების მიმტაცებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ვარ ძალიან ოპტიმისტურად, სანამ ვხედავ ბრძოლის ორიენტირს, სანამ ვიცი რა უნდა ვაკეთო რეჟიმის წინააღმდეგ. მეც და ყველა პოლიტიკოსი და თქვენც, ყველანი გავაკეთებთ იმას, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ვერ მოასწრებს კანონები ისე ამოქმედებას, რომ დახუროს ყველა NGO, დახუროს ყველა ტელევიზია და მოკლას ყველა პარტია. ვერ მოასწრებს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე დრო აღარ მუშაობს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე. ხალხი ქუჩებში არის აუცილებელი წინაპირობა ცვლილებების, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა. უნდა ვიმუშაოთ ყველგან: ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია. ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ჩემთვის ძალიან გასაგებია, ზუსტად ვიცი სადამდე მივა, აგროვებს პოლიტპატიმრებს, ცუდ კანონებს და შემდეგ იტყვის, აი, ახლა პატიმრებსაც გამოვუშვებ, კანონებსაც გავაუქმებ და ოპოზიცია დაბრუნდეს პარლამენტში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. „შარლ მიშელ 2“ არ იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.