წინასწარი დაკავების იზოლატორში ელენე ხოშტარია როდესაც მოიყვანეს, მას წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და თან ბევრი წამალი აქვს ხოლმე.
„ამბავი, რომელიც წამალთან დაკავშირებით მოიგონეს, არის იმისთვის, რომ გაამართლონ ელენეს გაშიშვლება და რაღაცის ძებნა, ვითომ ნარკოტიკი გვეგონაო, ნარკოტიკს ვეძებდით და ასე შემდეგ. ბოლო წლების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობა, საზოგადოებამაც იცის ალბათ, არ არის სრულყოფილი, მას ყოველთვის თან ბევრი წამალი აქვს. ეს წამლებიც არ მისცეს, ახლაც ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე. როცა მოიყვანეს, მაშინაც ჰქონდა წნევის კრიზი და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება, უთხრეს, საპირფარეშოში არა, პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო, ზუსტად ამ სიტყვებით, რაც ნაცნობი პრაქტიკაა ამ ქაჯეთის ციხის. ამის მერე მან ითხოვა, ჩემი წამლებიდან დამარეგულირებელი დამალევინეთო, არ მიუციათ, დღემდე არ დაულევია, ახლაც აქვს მაღალი წნევა. ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის. ღებინების მერე, ადამიანს, რომელსაც წნევის კრიზი აქვს, აშიშვლებენ და მეტალოდეტექტორი გამოიყენეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.