ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ნიკა გვარამია – არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ

20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის” საქმეზე – ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, აღნიშნავს, რომ არ აპირებს საყვედურების გამოთქმას იმ პირების მიმართ, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მე 20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის” საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30).

ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია“,- წერს გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე“ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა.

ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 80-ზე მეტი მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტისა და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი) ორგანიზებით იმართება.საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.დავით გურგენიძის განცხადებით, მზარდი და ცვალებადი გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გარემოს ინჟინერიის სფერო უფრო მეტად ფართოვდება, რადგან გამოწვევების დასაძლევად, გამოყენებითი მათემატიკისა და მეცნიერების ახალი მიღწევების დახმარებით, საჭირო ხდება ახალი, უფრო ქმედითი გადაწყვეტილებების შემუშავება, რაც ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. რექტორის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი სწორედ გარემოს ინჟინერიის სფეროში თავმოყრილ გამოწვევებსა და გამოცდილებაზე მსჯელობას ითვალისწინებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“. ეს სამეცნიერო ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აერთიანებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან როგორც ცალკეული ქვეყნები, ისე, თანამედროვე მსოფლიო.გარემოს ინჟინერიის სწრაფ განვითარებას განაპირობებს ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების მდგრადი ათვისება, სამრეწველო ქიმიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებები, ურბანული მდგრადობა და სამოქალაქო ინჟინერია და, რასაკვირველია, ბუნებრივი რესურსების დაცვა, ასევე, მწვავე გარემოსდაცვითი გამოწვევები. აღნიშნული საკითხების შეჯერება მოითხოვს ღია, მრავალდისციპლინურ დიალოგს, რაც ამ სამდღიან სემინარზე გველის.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ყოველთვის მნიშვნელოვანი წილი შეჰქონდა და ახლაც შეაქვს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პროგრესსა და საინჟინრო დარგების განვითარებაში, ვმონაწილეობთ არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში, უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, გვაკავშირებს სამეცნიერო და აკადემიური კოლაბორაცია ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან, ვაგრძელებთ როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობას, ასევე, გამოყენებით მეცნიერებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე მუშაობას, რომლებიც ემსახურება ეროვნულ ინტერესებსაც და ითვალისწინებს გლობალურ პროცესებში ჩართულობასაც.სემინარში მონაწილეობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს - პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერებსა და პროფესორებს პოლონეთიდან, სომხეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ვუსურვებ მათ ნაყოფიერ დისკუსიებს, ახალ იდეებსა და წარმატებებს საერთო მისიის შესასრულებლად, რაც გულისხმობს გარემოს ინჟინერიის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევას მეცნიერებით, ინოვაციებითა და ეფექტიანი თანამშრომლობით“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს,გარემოს ინჟინრების ხედვა და მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, ვრცელია და ისინი ყველა საკვანძო საკითხის გადაჭრაში არიან ჩართულნი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალება, მწვანე წარმოება და ქიმია-მიკრობიოლოგია, მდგრადი ურბანული დიზაინი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ჰიდროლოგია, სისტემების დიზაინის შექმნა და სხვა.საერთაშორისო სემინარის მუშაობა სამი დღის განმავლობაში სამ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები და მშენებლობა. სამეცნიერო ღონისძიება 16 მაისს დაიხურება.

პაპი ლეო XIV – ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ

ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ ვატიკანში გამართულ აუდიენციაზე განაცხადა.როგორც „გარდიანი“ წერს, პონტიფიკოსმა შეკრებილებს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ.„წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგროსამდე და კავკასიამდე რამდენ ძალადობას ვხედავთ. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ, ესაუბრონ ერთმანეთს, რათა ყველგან ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ღირსება, მშვიდობის ღირსება. მსოფლიოს ხალხებს სურთ მშვიდობა და მათ ლიდერებს მთელი გულით მივმართავ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი წამოიწყო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი წამოიწყო.შესაბამისი გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე მიიღეს.კომიტეტის სხდომაზე უკრაინის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქსავიე ბეტელს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი გადასცეს, რომელშიც ის ტრიბუნალის დაფუძნების თხოვნით გამოდის.სპეცტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა ალენ ბერსეს დაევალა.მედიის ცნობით, ტრიბუნალის შექმნისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები შეიძლება, 2025 წლის ბოლოს, ან 2026 წლის დასაწყისში დასრულდეს.მანამდე ცნობილი გახდა, რომ სპეცტრიბუნალის შექმნის ძირითადმა ჯგუფმა, რომელშიც შედის 40-მდე ქვეყანა, ევროკომისია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური და ევროპის საბჭო, ტექნიკურ პროექტზე მუშაობა დაასრულა.პროექტი შედგება სამი მთავარი დოკუმენტისგან: უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ტრიბუნალის ფორმირების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ტექსტი, მისი წესდება და შეთანხმება ტრიბუნალის მართვის შესახებ, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება“.„გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება“ ეხება ტრიბუნალის მართვასა და დაფინანსებას. ზოგიერთ ქვეყანას შეეძლება, მას ხელი ავტომატურად მოაწეროს ევროპის საბჭოში თავისი წევრობის საფუძველზე, სხვებს კი დასჭირდებათ დოკუმენტის რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას.იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა.ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა” – მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე 23 წლის პირი დააკავეს.

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე, 23 წლის პირი დააკავეს."შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. - მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.მეხანძრე-მაშველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები