„მთავარ არხის”, „ფორმულის”, „TV პირველის” და „კავკასიის” ეთერებში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, ერთობლივი თოქშოუ გადის.
გადაცემას წინ უძღოდა ახალი მოძრაობის, „ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის” დაფუძნება. დღეს, 16 თებერვალს, 12 საათზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან (სადაც ნიკა გვარამია სასჯელს იხდის) ინტელექტკლუბის, „რა? სად? როდის?” წევრები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს.
„ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭია”, – მიიჩნევენ მოძრაობის წარმომადგენლები.
ნიკა გვარამიას სახელით, „ფეისბუკზე”, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ის თანადგომისთვის მადლობას იხდის. „დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს რა? სად? როდის? კლუბიდან და მედიიდან გვერდში დგომისთვის მიხარია თქვენი თანადგომა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ თქვენს წამოწყებაში. მადლობა დღევანდელი ეთერისთვის საქართველოს დემოკრატიის ბოლო ბასტიონს – კრიტიკულ მედიას!” – წერს გვარამია.