„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასა და გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა ჯო უილსონმა სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადახედვის საკითხი ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარესა და „მეგობარი აქტის“ თანაავტორთან, ჯო უილსონთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააყენეს.
„შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრის საპასუხოდ, ჯო უილსონმა ღია განცხადება გააკეთა და მოუწოდა სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„როგორც უილსონმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ეს უბრალო ნაბიჯი სირიის ახალი გზისადმი ღრმა ძალასა და ერთგულებას დაადასტურებს“.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონგრესმენის განცხადება მიიჩნია მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციაში.