ჰააგის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ომი იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ და არა საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. ეს დადასტურებული ფაქტია.პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია ამ საკითხს სხვა კუთხით იხილავს, რომ რამ გამოიწვია ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ აგვისტოს ომზე საუბრისას.
მისივე თქმით, დასადგენია, ომში ჩაბმა იყო საქართველოს ინტერესებში, რათა კონსტიტუციური წესრიგი აღმდგარიყო, თუ იყო კიდევ სხვა, მერკანტილური ინტერესებიც. კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ სხვა ინტერესებიც იყო.
„ეს აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, ეს აინტერესებს საქართველოს ისტორიას სამომავლოდ და ამას აკეთებს დღევანდელი პარლამენტი ამ კომისიით, ამ თემის გამოძიებით, რომ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა ქვეყანას, ვინ გასწირა ქვეყანა და რა ინტერესების გამო მოხდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რა თქმა უნდა, ეს ჰააგაში არ განხილულა და ვერც გაიხილებოდა. აქედან გამომდინარე, ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტმა თავისი ჩარევით შეძლოს და შექმნას ის ისტორია, ნამდვილი ისტორია, რომელიც ამ ფაქტს თან ახლდა. აქედან გამომდინარე, არის უმნიშვნელოვანესი. შეიძლება ითქვას, ეს არის ის ისტორიული პროცესი, რომელიც ჩემი არსებობის განმავლობაში, მე არც მახსოვს“, – განაცხადა კაკაბაძემ.