პარასკევი, თებერვალი 21, 2025

ნანა კაკაბაძე: მოკლედ, წინ მსოფლიოს ახალი გადანაწილება გველის და საქართველომ ამ დროს უნდა გამონახოს შინაგანი ძალა, ჭკუა, მოხერხება და გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რათა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს

მოკლედ, წინ მსოფლიოს ახალი გადანაწილება გველის და საქართველომ ამ დროს უნდა გამონახოს შინაგანი ძალა, ჭკუა, მოხერხება და გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რათა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

„ჩვენ და მსოფლიოს ახალი გადანაწილება

დღეს ერთი თვე შესრულდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან. ამ ერთ თვეში ისეთი ტექტონიკური ძვრები მოხდა მსოფლიო პოლიტიკაში, რომ უკვე ყველა საუბრობს ახალ მსოფლიო არქიტექტურაზე, გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, იალტაზე და ა. შ.
უკრაინის ომისადმი ახალმა მიდგომამ და ლიბერალური მმართველობის დასასრულმა გამოაჩინა, რომ მართვის მექანიზმად უპირატესი ხდება ბიზნესი და არა პოლიტიკა. ომთან დამოკიდებულებასაც კი ტრამპმა ბიზნესის კუთხით შეხედა და ამერიკის მიერ ამ ომში ჩადებული $350 მილიარდის ამოღების გარანტიები მოითხოვა.

იმასაც ამბობენ, რუსეთთან დაახლოება ტრამპს ჩინეთის საწინააღმდეგოდ სჭირდებაო, მაგრამ დღეს ისე ჩანს, რომ უკრაინის ომთან დამოკიდებულების საკითხში ევროპა ამერიკის მოკავშირიდან მის ოპონენტად გადაიქცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აშშ-სა და რუსეთის ოპონენტად.

გამოდის, რომ რუსეთის მნიშვნელობის აღიარებიდან გამომდინარე, დღეს მსოფლიოზე გავლენების გადანაწილება აშშ-სა და რუსეთს შორის ხდება.

ქვეყნების სიძლიერე იზომება იმის მიხედვით, თუ რამხელა ტერიტორია და რამდენ მოსახლეობაა მოქცეული მისი გავლენის სფეროში. ბოლო დრომდე დომინანტი იყო ამერიკა, ვინაიდან აკონტროლებდა ევროპას, რიგ სხვა ქვეყნებს და გავლენებით შეჭრილი იყო პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც. ტრამპი დღესაც ამ გავლენების გაფართოებისთვის იბრძვის და წინააღმდეგი არ არის, რომ თუ საკუთარ სარგებელს ნახავს, რუსეთთან ზოგიერთ საკითხში გარიგდეს კიდეც.

გავლენებისათვის ამ ბრძოლაზე უარს, რა თქმა უნდა, არც ევროპა იტყვის, არც ჩინეთი და არც არაბული ქვეყნები.

რუსეთს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაზე თავისი გავლენები შენარჩუნებული აქვს.
ტრამპი ხედავს ამ უპირატესობას და იძულებული ხდება ერთის მხრივ ითამაშოს რუსეთის თამაშიც და მეორეს მხრივ იზრუნოს ძალაუფლების განვრცობაზე. ამიტომ დაადგა თვალი გრენლანდიას, კანადას, პანამის არხს, თუმცა ჯერ დალაგებას პირი არ უჩანს.

მსოფლიოს ახალ გადანაწილებაში უკრაინა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მართალია, ევროპა იმედს აძლევს, რომ მის დამოუკიდებლობას აშშ-ს გარეშეც დაიცავს, მაგრამ ზელენსკიმ კარგად იცის, რომ ეს ზღაპარია, რადგან 3 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის დახმარებამ ვერ დაიცვა მისი ტერიტორიის 20% და აშშ-ს გარეშე მის დანარჩენ ტერიტორიას როგორ დაიცავენ? არადა, პროპაგანდისტები მაინც მოუწოდებენ ზელენსკის, რომ რადგან გმირია, უნდა განაგრძოს ბრძოლა გამარჯვებამდე ან „ბოლო უკრაინელამდე“.
ახლა წავიკითხე ერთ-ერთი ქართველი „სლავა უკრაინას“ პოსტი, რომელიც კარგად გამოხატავს იმ ხალხის სულისკვეთებას, რომლებიც სასურველს რეალობად აცხადებენ აი, რას წერს ეს ქალბატონი: „ყველა დანარჩენს რომ თავი გავანებოთ, ნორდიკული ქვეყნები – ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი. ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, რომლებსაც უშუალოდ შეიძლება დაემუქროთ რუსეთისგან საფრთხე და სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული უკრაინის გამარჯვებაში, ასევე გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელთა პოზიცია ცალსახაა უკრაინის საკითხში, მხოლოდ ეს ათი ქვეყანა რომ მობილიზდეს და სწორად დაიგეგმოს, მათი ეკონომიკები და ბიუჯეტი საკმარისი იქნება რომ უკრაინასთან ერთად რუსეთს კბილები დაამტვრიონ. თუმცა, რა თქმა უნდა, მარტო ეს ათი ქვეყანა არ იქნება უკრაინის გვერდით. მთავარია, რომ უკრაინა არ ნებდება. ყველაფერი იქნება კარგად.“

აი, ასე ამხნევებენ ერთმანეთსაც, უკრაინელებს და ამასობაში რუსეთის ჯარი ნელ-ნელა წინ მიიწევს და რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ უფრო უარესი პოზიციიდან მოუწევს მოლაპარაკების დაწყება დანგრეულ ქვეყანას. ამაზე უკრაინის ასეთი გულშემატკივრები ალბათ საერთოდ არ იგრძნობენ პასუხისმგებლობას არც დაქცეული უკრაინის და არც დახოცილი უკრაინელების წინაშე.

მოკლედ, წინ მსოფლიოს ახალი გადანაწილება გველის და საქართველომ ამ დროს უნდა გამონახოს შინაგანი ძალა, ჭკუა, მოხერხება და გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რათა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, დამოუკიდებლობაც შეინარჩუნოს და ყველასთვის საჭირო და მნიშვნელოვან ქვეყნადაც დარჩეს. რაც მთავარია, უნდა გაუძლოს ნორა თორთონების მსგავსი „კეთილისმყოფელების“ რჩევებს, მოწოდებებს თუ მუქარებს და არ დაუშვას სახელმწიფოში ეკონომიკური კოლაფსი, რათა შემდეგ ყველასათვის ადვილად გადასაყლაპავ ლუკმად არ გადაიქცეს. ეს რომ არ მოხდეს და ქვეყანა ცუდი შედეგებისგან დაზღვეულიც რომ იყოს, მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს აშშ-სთან დაახლოებისთვის“, – წერს კაკაბაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი: უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია – მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია. „როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ არ იყო მიწვეული შეხვედრაზე, ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში. ომი არ უნდა ჰქონოდა და თუ ომი დაიწყო, მაშინვე უნდა მოგვარებულიყო. ამის გაკეთება შეიძლებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „მათ თავს დაესხა ძალა, რომელიც ბევრად უფრო დიდი და ძლიერია, რაც ცუდია. რუსეთის გადარწმუნება მარტივად შეიძლებოდა. ომი არასდროს უნდა მომხდარიყო“, - დასძინა მან.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. დამაჯერებელი იყო ანდორის ნაკრების მეკარე. თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. საქართველოს ეროვნული გუნდი დროს მუდმივად შეტევაში ატარებდა, თუმცა გოლი ვერ გაჰქონდა, 69-ე წუთზე კი სოლე პალაუმ ანდორა დააწინაურა. მატჩის 84-ე წუთზე ბებიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ბაქრაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა პირველი სამი ქულა მოიპოვა. ერთა ლიგის C2 ჯგუფში, საქართველოსა და ანდორის გარდა, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ. მათი შეხვედრაც დღეს გაიმართება. რაც შეეხება ირის ანტმანის გუნდის მომდევნო მატჩს, ქართველი ფეხბურთელები 25 თებერვალს კვიპროსს ქალაქ ლარნაკაში შეხვდებიან.

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე 3 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენ გვინდა ბრიტანული “დიფ სთეითი” დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთს "დიფ სთეითი" მართავს. განცხადება ლიზ ტრასმა მერილენდში მემარჯვენეების კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ბრიტანეთი "დიფ სთეითის" გამო წარუმატებლობას განიცდის, რადგან გადაწყვეტილებები პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება. ლის ტრასი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ბრიტანეთს ტრამპის პოლიტიკა სჭირდება. "ჩვენ გვინდა ბრიტანული "დიფ სთეითი" დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავდეს და არა ბიუროკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს. ბრიტანული სახელმწიფო ახლა წარუმატებლობას განიცდის, არ მუშაობს. გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკოსების მიერ. მათ შეერთებულ შტატებში ისტორიაში ყველაზე მძლავრი აპარატის კონტროლი სურთ და ამაზე უარს არ იტყვიან. იქამდე ვიდრე ამას არ წავართმევთ და როდესაც ამას გამოვტაცებთ, მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ შევასრულეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპირება. გვინდა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახით მეორე შანსი მისცა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყოველი ლურჯი საქაღალდე თავისუფლების აღდგენის და საღი აზრის გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

ბოლო სიახლეები