ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე და რამდენიმეთვიანი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, ევროპარლამენტარები, ხუთშაბათს, გარკვეული დათქმებით, მწვანე შუქს აუნთებენ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას. და ეს მოხდება გაზით შანტაჟის ფონზე…
მოახდენენ თუ არა ევროპარლამენტარები შეერთებულ შტატებთან სატარიფო შეთანხმების რატიფიცირებას? თუ ასე მოხდება, მაშინ ეს იქნება ერთგვარი კომპრომისის გამომხატველი ჟესტი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც, ერთი მხრივ, აქტიურად შეუდგა სხვადასხვა ქვეყნებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით და მეორე მხრივ, ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს გასულ წელს დონალდ ტრამპთან ტარიფების შესახებ მიღწეული კომპრომისი. რამდენიმეთვიანი ყოყმანისა და შეფერხებების შემდეგ, ევროპარლამენტარები, ხუთშაბათს, გარკვეული დათქმებით, სავარაუდოდ, მწვანე შუქს აუნთებენ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას.
შეერთებული შტატები მოუწოდებს ევროპელებს, შეთანხმების ტექსტი ყოველგვარი ცვლილების გარეშე დაამტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ გაზის მიწოდება შეუმციროს. ეს მუქარა ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააჟღერა, რაც ბადებს კითხვას: ნამდვილად არიან ევროპელები ამერიკულ გაზზე დამოკიდებულნი?
უდავო ჰეგემონია
მას შემდეგ, რაც ევროპელებმა რუსულ გაზზე ეტაპობრივად უარის თქმა გადაწყვიტეს, ისინი სულ უფრო მეტ ამერიკულ გაზს ყიდულობენ. შესყიდვის მოცულობა, ბოლო ოთხ წელიწადში, ოთხჯერ გაიზარდა. შეერთებულ შტატებზე ახლა ევროპელების მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი მოდის და ვაშინგტონი რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია, ნორვეგიის შემდეგ.
ხოლო თუ თხევად ბუნებრივ აირზე ვისაუბრებთ, რომელიც გემებით ტრანსპორტირდება და არა მილსადენით, მაშინ ამერიკული ჰეგემონია უდავოა: ევროპაში იმპორტირებული თხევადი გაზის 60% შეერთებული შტატებიდან შემოდის. ვაშინგტონი, როგორც არასდროს, ძლიერ პოზიციაშია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კონკურენტი – კატარი – თამაშიდან გამოეთიშა: როგორც ცნობილია, კატარის გაზის ინფრასტრუქტურა ირანმა დაბომბა, ჰორმუზის სრუტე კი თითქმის ჩაკეტილია.
მიუხედავად ამისა, ევროკომისია მიმწოდებლების დივერსიფიკაციას ცდილობს: მაგალითად, ორი კვირის წინ მან ახალი ხელშეკრულება გააფორმა აზერბაიჯანთან, რათა „რუსული ფურცელი“ ისე დახუროს, რომ შეერთებულ შტატებზე სრულად დამოკიდებული არ გახდეს, ან, როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დან იორგენსენი ამბობს, „ერთი დამოკიდებულების მეორით ჩანაცვლება აიცილოს თავიდან“.

