სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მკაცრი შეზღუდვები საჭირო აღარ გახდეს, როგორც თურნავამ აღნიშნა, ისეთივე დარტყმას, რაც გავიარეთ ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.
„ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევპირდებით მოსახლეობას, რომ კორონავირუსი გაქრება, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ რასაც შევპირდით არის, რომ ერთად ვისწავლით ცხოვრებას, მიუხედავად პანდემიისა და სწორედ ამას ვაკეთებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე, ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.