„უკვე ნათელი გახდა თუ რისკენ მიისწრაფოდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული ცესკო, ყოფილიყო პარტიული ნიშნით შერჩეული, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე. მერე გამოჩნდა თუ რისთვის იყო ეს საჭირო, რომ საბოტაჟი განეხორციელებინათ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრის, თამარ შიოლაშვილის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიიდან მიღებულ დირექტივებს ეხებოდა.
„საბოტაჟი მიმდინარეობს ახლა გარეშე პოლიტიკური ძალებისაგან, ცესკო მოწოდების სიმაღლეზეა. იმ ადამიანის განცხადება, ვინ ლაპარაკობს სიორიძის პოზიციაზე, დამოკიდებულებაზე და აქტივობებზე არ არის საფუძველ მოკლებული და რეალობას წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, თამარ შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების სქრინები გამოაქვეყნა. კოალიციის საერთო ჩატის მიმოწერიდან ჩანს, რომ პარტია საოლქო კომისიის წევრებს კონკრეტულ დავალებებს აძლევს. მაგალითად, სასწრაფო დირექტივა, რომელიც როგორც მიმოწერებიდან ჩანს, გავლილია პარტიაშიც, ეხება იმას, რომ საოლქო კომისიის წევრებმა ხელი არ უნდა მოაწერონ ოქმებს. თამარ შიოლაშვილმა გუშინ ხაზარაძის კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსიც დატოვა. მიზეზად- მითითებები და დირექტივები დაასახელა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მორალს.