კვირა, ოქტომბერი 26, 2025

“მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას”

მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის ცოდვებთან და ბოროტებასთან ერთად, ვერ ხედავს საკუთარ თავში მეორე, ნათელ მხარეს.

„დღეს არის ხსენება ეკლესიის დიდი წმინდა მამის, იოანე კიბისაღმწერლისა. იგი ამბობდა, რომ სინანულის ღვაწლს აჩრდილივით თან ახლავს ორი საშიში თანამგზავრი – მოწყინება და სასოწარკვეთილება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს მხოლოდ ცოდვასა და ბოროტებას. როგორც საპყრობილეში, ასე იკეტება ამ განწყობაში, ამ ხედვასა და ამ განწყობის ტყვეობაში ექცევა.

სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის ცოდვებთან და ბოროტებასთან ერთად, ვერ ხედავს საკუთარ თავში მეორე, ნათელ მხარეს, რაც არის ხატება და მსგავსება ღვთისა. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს სახიფათოა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის სულში პარალიზებას ახდენს იმ დიდი შემოქმედებითი და ნათელი ძალისა, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანის ბუნებას საოცარი ნიჭის სახით.

ურწმუნო ადამიანებისგან ხშირად გვსმენია, რომ არა მარტო ჩვენი სინანული, არამედ მთელი ქრისტიანული ცხოვრება გამსჭვალულია ამ მოწყინებით, სევდითა და სასოწარკვეთილებით. ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ სულ თავს იმდაბლებთ და ყველგან ხედავთ მხოლოდ ცოდვას, ბოროტებას. განა შეიძლება ასე ცხოვრებაო? მაგრამ ეს არის დიდი ცილისწამება ქრისტიანობის მისამართით, ვინაიდან ჩვენ არ ვხედავთ მხოლოდ ბოროტებას, ეს დიდი ტყუილია! მართალია, წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ,,სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას”, ანუ ეს ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული; და იგივე მოციქული ამბობს, რომ ,,ნუ შეიყვარებთ ამასოფელს, ნურც ამასოფლიურ რასმე”, მაგრამ ეს არ ეხება იმას, რაც ღვთის არის ამ სამყაროში, ვინაიდან სამყაროა ღვთისა.

ამქვეყნად ბევრი რამ არის ღვთისა, ბევრია სიკეთე და ბევრია სინათლე. სწორედ ამ სინათლეზე ქადაგებს ქრისტიანული სარწმუნოება. სინანულის ღვაწლი ყველაზე უკეთ ხსნის ჩვენში ამ სინათლის ძალას. რა არის ეს სინათლის ძალა? ეს არის ქრისტეს აღდგომის სინათლე. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ სიხარულს და ვიცით, რომ ჩვენი ცოდვების ხედვა, მათთან ბრძოლა, ეს არის გზა სიხარულისკენ, რადგან მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას.

დიდმარხვაშიც, ძვირფასო ძმებო და დებო, დედაეკლესია სწორედ ამ სიხარულზე გვასწავლის. თქვენში ჩადებულია ხატება ღვთისა, – გვეუბნებოდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ კვირას. დიდი მარხვის მეორე კვირას ჩვენ გვესმოდა წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომ ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა, მესამე კვირას (გასულ კვირას), ტაძრის შუაგულში გამობრძანებული იყო წმინდა ჯვარი, როგორც საღვთო სიყვარულის დიდი ნიშანი. აი, რა გვაძლიერებს და რა გვიცავს, რა ნიშანს ვატარებთ ჩვენს სხეულზე. და აი, დღესაც, მარხვის მეოთხე კვირასაც, უფალი მოგვიწოდებს, რომ ვირწმუნოთ ღმერთის, გვწამდეს ადამიანის და გვწამდეს იმ სიკეთის, რომელიც ყოველ ადამიანში, ჩვენშია ჩადებული; რაც არის, როგორც მოგახსენეთ, ღმერთისგან გამომავალი მარადიული ნათელი, რომელიც სინანულის გზაზე უნდა გაიხსნას ჩვენში.

დღეს ღირსი იოანე კიბისაღმწერლის მაგალითით, შემდეგ კვირას კი ღირსი მარიამ ეგვიპტელის მაგალითით ეკლესია გვაჩვენებს, თუ რა სულიერ სიმაღლეზე აჰყავს ამ სინათლის ძალას ადამიანი და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მთელი გულით ვუპასუხოთ ამ მოწოდებას, ვუერთგულოთ ღმერთის, ადამიანისა და სიკეთის ისეთ რწმენას, რომელიც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარა ჩერგოლეიშვილი 26 ოქტომბრის აქციაზე როგორც დიასახლისი ისე ეპატიჟება ხალხს. ამ ქალბატონს ყველა გვერდიდან დაბლოკილი ვყავარ, არადა წასვლას ვაპირებ და იქაც ბლოკებით იდგება? –...

ირინა სარიშვილი 26 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი აქციაზე ხალხს “როგორც დიასახლისი ისე ეპატიჟება”.„ამ წამს რომელიღაც სააგენტოს ვიდეო ვნახე, სადაც თამარა ჩერგოლეიშვილი დღევანდელ 26 ოქტომბრის აქციაზე როგორც დიასახლისი ისე ეპატიჟება ხალხს. ხოდა მე ამ ქალბატონს ყველა გვერდიდან დაბლოკილი ვყავარ, არადა წასვლას ვაპირებ და იქაც ბლოკებით იდგება? ვინც ჯერ კიდევ ხართ კონტაქტში ეგებ კითხოთ და გამაგებინოთ. თან იმდენი ვართ რო დაბლოკილთა მარშსაც "მოვხოდავდით" რო რამე”- წერს სარიშვილი.

საუკუნის ძარცვა ამწის გამოყენებით და გაქცევა მოტოციკლებით – როგორ გაძარცვეს ლუვრი რეკორდულ დროში – 7 წუთში

საუკუნის ძარცვა ამწის გამოყენებით და გაქცევა მოტოციკლებით - ლუვრის ძარცვის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. გუშინ დააკავეს 4-დან 2 ეჭვმიტანილი. სამართალდამცველები ბრალდებულებთან ერთად მთელი საფრანგეთის მასშტაბით, სამეფო გვირგვინებს და უნიკალურ ძვირფასეულობას ეძებენ.მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმიდან წაღებულია იმპერატორ ნაპოლეონის მიერ მეუღლისთვის ნაჩუქარი ბრილიანტებისა და ზურმუხტების ყელსაბამი, ეუხენიას საიმპერატორო ტიარა და გულსაბნევი, ასევე დედოფალ მარია-ამელიას სამკაულები.როგორ გაძარცვეს ლუვრი რეკორდულ დროში - 7 წუთში? ბოროტმოქმედებს ნიღბები ეკეთათ და ხელოსნების უნიფორმა ეცვათ. მძარცველები დარბაზში აივნის ფანჯრებიდან შევიდნენ, აივანზე კი მოძრავი სატვირთო ლიფტით მოხვდნენ. ისტორიული სამკაულები ლუვრის სამხრეთ ფლიგელის მეორე სართულზე, "აპოლონის გალერეის" ორ ვიტრინაში ინახებოდა. ამავე ფლიგელშია დაცული ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა" და სამი უდიდესი ბრილიანტი.მძარცველებმა ყველაფერი ვერ წაიღეს, სიჩქარეში მათ ბრილიანტებით მორთული გვირგვინი დაუვარდათ, რომელიც დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე დარჩათ ინსტრუმენტები, ხელთათმანები და რადიოგადამცემი, რაც გამოძიებას დამნაშავეების ძებნაში დაეხმარა.100-მდე გამომძიებელი იძიებს "საუკუნის ძარცვას". დრო სამართალდამცველების წინააღმდეგ მუშაობს. მოპარული სამკაულები პირველადი სახით შეიძლება უკვე აღარც არსებობს.

მეუფე შიო მუჯირი – ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად ქრისტეს სიტყვისა და საღვთო...

ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეოცე კვირას, ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, უნდა დავფიქრდეთ, ვცხოვრობთ თუ არა სახარების მიხედვით, რადგან წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ, რომელსაც თავად მაცხოვარი განმარტავს და ბოლოს დასძენს ასეთ სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლკ. 8, 18); იგულისხმება, როგორ ისმენთ წმინდა წერილს. მაცხოვრის ეს გაფრთხილება არ არის ამაოდ ნათქვამი, ვინაიდან ხშირად გვგონია, რომ ვისმენთ წმინდა წერილს და გვესმის ის. შეიძლება, ყურით ვისმენთ და გონებითაც ვიმახსოვრებთ ზოგჯერ, მაგრამ მიდის თუ არა ის ჩვენს გულამდე და ვცხოვრობთ თუ არა სახარებით, აი, ეს არის მთავარი, რადგან წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. აი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს.რამდენი ადგილია წმინდა სახარებიდან, რომელიც გვიყვარს, კარგად ვიცით, მაგრამ ხომ არ მოხდება ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დადგება ჩვენი სამსჯავროს დღე, რომ ჩვენთვის ეს აღმოჩნდება სამხილებელი?! არა იმიტომ, რომ ვკითხულობდით და არ გვესმოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ გვესმოდა, მაგრამ არანაირად არ ვიცხოვრეთ სახარების მიხედვით. აი, ამაზე გვაფიქრებს დღეს ეს იგავი.რამდენჯერ ყოფილა, ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც მოგვისმენია წმინდა წერილი, რომელმაც თითქოს დაგვაფიქრა, აგვაღელვა კიდეც, მაგრამ სულ ერთ წამში, ჯერ კიდევ ტაძრიდან გასვლამდე გაგვიტაცა ამაო მეტყველების, ამაო საზრუნავების რაღაც ნაკადმა და იმ ყლორტისგან, რომელიც ჩვენში უნდა გაზრდილიყო და ნაყოფი გამოეღო, არაფერი აღარ რჩება და დავცარიელდით, იმიტომ რომ ქარივით წაიღო ჩვენგან, მოგვტაცა ღვთის სიტყვა ამ უქმმეტყველებამ და ამაო საზრუნავებმა.ამიტომ უნდა დავუფიქრდეთ უფლის ამ სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლკ. 8, 18). სასჯელად ან დასასჯელად ხომ არ ვისმენთ წმინდა წერილს? აბა, მაშ, თუ ასე არა, როგორ, საცხონებლად ვისმენთ?ეს იგავი გვაფიქრებს, თუ ვინ ვარ მე, როგორი ნიადაგი ვარ, რომელიც ნახსენებია ამ იგავში; სად ვარდება ეს თესლი – ღვთის სიტყვა; გზის პირას, სადაც ფრინველები აკენკავენ და ქარი წაიღებს თუ სხვადასხვა ხილული თუ უხილავი მტერი მოგვტაცებს? თუ ქვიან ნიადაგში ვარდება, სადაც უწყლობისა და ნიადაგის სიმწირის გამო მალე გახმება? თუ ეკლიან ნიადაგში, სადაც ეკალ-ბარდი იზრდება, რომელიც მოაშთობს ამ თესლს და ნაყოფი ვერ ასწრებს დამწიფებას? თუ კეთილ ნიადაგში ვარდება და გამოიღებს კარგ ნაყოფს? მაშ, რომელია ჩვენი ნიადაგი?შეიძლება ითქვას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ალბათ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა დროს აქ ჩამოთვლილი ოთხივე ნიადაგი ვართ ხოლმე. ამ იგავის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აღძრას ჩვენი სინდისი, გააღვიძოს ჩვენი ცნობიერება და მოგვანდომოს, გვიბიძგოს, ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცთმოყვარებით, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.მისივე განმარტებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს ლოცავენ შემდეგ გვარებს: გვარმიანებს, გვარლიანებსა და გვარამიებს.

სალომე ზურაბიშვილი – კიდევ ცოტა გაუძლოს ჩვენმა გულმა და მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება – ახალი არჩევნები, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან გვჭირდება

ამ რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ,  ცოტა კიდევ გავუძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მალე იქნება ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან საჭიროა.„ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის, ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვეა გახსნილი ახალი ოფისი, სამშენებლო, მაგრამ ასევე მიწების გარიგების არაბთა ემირატებთან, ვითომც კინო „რუსთაველი“ ვერ დარჩებოდა რუსთაველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები და ამიტომ ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ, ცოტა კიდევ გავუძლოთ. მინდა, ვუთხრა პოლიტპატიმრების მშობლებს, მე მესმის, როცა ვამბობ, კიდევ ცოტა გავუძლოთ, ეს არ არის მარტივი სიტყვები, მე ამას რომ ვამბობ, არ არის მარტივი სიტყვები იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველდღე აქ დგანან და იღებენ თავიანთ თავზე ამ მოძრაობის უწყვეტობას. მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არასდროს არ არის ადვილი, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა არ დავუთმოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც გადაცმულებს ქართულ ტანსაცმელში.აქ უკვე არის ჩვენი, თქვენი გამარჯვება, კიდევ ცოტა გაუძლოს ჩვენმა გულმა და კიდევ მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება – ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და აქ, ამ მომავლისთვის ყველანი ერთად ვდგავართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა – საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ასევე შეუერთდნენ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეებიც, რომლებიც რუსთაველოს გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებიან. აქციას, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უწყვეტად უკვე 333 დღეა მიმდინარეობს. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.

ბოლო სიახლეები