ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

მწვავე ჰუმანიტარული კრიზისები, რომლებზეც მედია არ საუბრობს

კონფლიქტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბოლო საუკუნის ყველაზე სასტიკი გვალვა ნამიბიაში და ჩრდილოეთ კორეის უკიდურესი თვითიზოლაცია: იანვრის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია Care-მ 2025 წლის განმავლობაში ათი ყველაზე „დავიწყებული ჰუმანიტარული კრიზისის“ შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მასში დახასიათებულია კრიზისში ჩაძირული ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასაკმარისად ფინანსდება და რომელთა შესახებ ინფორმაცია მედია-გამოცემების სათაურებში თითქმის ვერ ხვდება.

„მედიის მიერ ყველაზე ნაკლებად გაშუქებული“ ათი კრიზისის დასადგენად, არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაგროვა სტატიები, რომლებიც 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, მსოფლიოს თითქმის 350 000 ონლაინ მედიაში, ხუთ ენაზე გამოქვეყნდა.

შედეგი ასეთია: მხოლოდ 1 500 სტატია მიეძღვნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც ამ საუკუნის ათიან წლებში სამოქალაქო ომმა გაანადგურა და სადაც დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი კვლავ „საგანგებო ჰუმანიტარულ სიტუაციაში“ იმყოფება. ორგანიზაცია Care-ს ცნობით, ეს შემაშფოთებელი ამბავი 63-ჯერ უფრო ნაკლებად გაშუქდა იმ ქორწილთან შედარებით, რომელიც „ამაზონის“ დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა 2025 წლის ივნისიში ვენეციაში გადაიხადა – ამ უკანასკნელ ამბავს სოცმედიაში თითქმის 97 000 პოსტი მიეძღვნა.

Care-ის სპიკერმა, ადეა გიიომ, შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTS) ერთ-ერთ გადაცემაში გამოსვლისას, აღნიშნა, რომ 2025 წელს მწვავე კრიზისების იგნორირება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. „ათი კრიზისი, რომლებიც ჩვენ ანგარიშში გამოვყავით, 2025 წელს მედიაში მხოლოდ 40 000-ჯერ ახსენეს, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ ანგარიშის თანახმად, ათი იმდროინდელი კრიზისი მედიაში 80 000-ჯერ დაფიქსირდა“.

პოლიტიკა სხვა მხარეს იყურება

ადეა გიიო ინტერესის ნაკლებობას რამდენიმე ფაქტორით ხსნის. ის, უპირველეს ყოვლისა, ერთგვარ ინფორმაციულ დაღლილობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ხშირად ეს არის კრიზისები, რომლებიც დიდხანს გრძელდება. ზოგიერთი მათგანი უკვე 20 ან 30 წელია მიმდინარეობს“. ამას ემატება სიტუაციების სირთულე. ეს არ არის „მანიქეური“ კრიზისები, სადაც ცალსახად ჩანს ერთ მხარეს სიკეთე და მეორე მხარეს – ბოროტება, როგორც ეს სხვა კონფლიქტებშია. ამ შემთხვევაში, მრავალფაქტორიან კრიზისებთან გვაქვს საქმე. ასეთი ქვეყნების უმეტესობაში ხანგრძლივ კონფლიქტს, ხშირად, კლიმატის ცვლილების შედეგებიც ემატება.

მედიის მხრიდან ყურადღების ნაკლებობა პოლიტიკური ნების არარსებობაზეც მიუთითებს. Care-ს მიერ დასახელებული ათი კრიზისიდან რვა აფრიკაშია, რაც შემთხვევითი არ არის. „აშკარაა ინტერესის ნაკლებობა ლიდერების, განსაკუთრებით ევროპელების მხრიდან. აფრიკული კონფლიქტები ევროპულ დღის წესრიგში არ დგას და ხშირად აღიქმება, როგორც შორეული კონფლიქტები“, – ამბობს გიიო.

გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაზე, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაზე, ჟურნალისტებს, უბრალოდ, არ აქვთ წვდომა, რაც პირდაპირ აისახება გაშუქებაზე. თავად ორგანიზაციასაც აქვს შეზღუდვები: „ათი კრიზისული ქვეყნიდან ოთხში ჩვენც კი ვერ შევდივართ“, – აცხადებს Care-ს სპიკერი.

ეს 43 მილიონამდე ადამიანს ეხება

ის ფაქტი, რომ ეს კრიზისები ჭიანურდება, მათ ნაკლებ სიმწვავეზე ნამდვილად არ მიუთითებს: „მხოლოდ ამ ანგარიშში გაანალიზებული ათი სიტუაცია 43 მილიონ ადამიანს ეხება, რომლებიც მწვავე, „საგანგებო ჰუმანიტარულ სიტუაციაში“ იმყოფებიან. ამ ციფრების მიღმა, რომლებიც შეიძლება არაფრისმთქმელადაც კი მოგეჩვენოთ, დგანან ქალები, ბავშვები და მთელი ოჯახები, რომლებსაც გადარჩენისთვის აუცილებელი ელემენტარული საჭიროებებიც კი არ გააჩნიათ“.

სუსტი მედიაგაშუქება პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო დახმარებაზე. „მწვავე სტატიების გარეშე საზოგადოებრივი წნეხი არ არსებობს, საზოგადოებრივი წნეხის გარეშე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე კი ჰუმანიტარული დაფინანსება არ გამოიყოფა“, – წერს Care თავის ანგარიშში. მასში მაგალითისთვის მოყვანილია ზიმბაბვე და მალავი, სადაც გაერო-ს ჰუმანიტარული გეგმების მხოლოდ 14 პროცენტია დაფინანსებული.

ამბის სხვანაირად მოყოლა

ადეა გიიო ყურადღებას სამოქალაქო სოლიდარობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს. „როდესაც კრიზისი ხილვადი ხდება, როდესაც მედია მასზე საუბრობს – რადიოში, დილის გადაცემებში, სოციალურ ქსელებსა თუ პრესაში – ასეთ დროს, 24 საათის განმავლობაში ვიღებ ათობით ელექტრონულ წერილს შეკითხვით, თუ როგორ შეუძლიათ დახმარება. სიკეთე ნამდვილად არსებობს: ადამიანებს ერთმანეთის დახმარება სურთ“.

საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და ინფორმაციული დაღლილობის დასაძლევად, სპიკერი ფოკუსის შეცვლის მომხრეა. „ჩვენ უნდა მოვყვეთ ისტორიები იმ კრეატიულობისა და გამძლეობის შესახებ, რომლითაც ეს მოსახლეობა კრიზისს უძალიანდება“ – ამბობს ის. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ ერთად უნდა იფიქრონ ამ რეალობის გადმოცემის ახალ გზებზე, სადაც აქცენტი შესაძლო გადაწყვეტილებებზე გაკეთდება. ეს ამბავს ნაკლებად დამთრგუნველს და უფრო შთამაგონებელს გახდის“, – დაასკვნის გიიო.

წყარო:https://www.swissinfo

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ევრონიუსი“ – ირანის დაზვერვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით

ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

Reuters – შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა

შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა , - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის 148 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს

ბატონმა ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„რთულ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად როცა აღიქვამენ და როდესაც დიდი ტყუილები რეალობას ფარავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება. შედეგი? მოლაპარაკების მაგიდის აფეთქება ზიზღის გამო“, – დაწერა აბას არაღჩიმ. 

სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წელს, საგამონაკლისო წესით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომელთაც 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომართეს მშობლებმა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ირღვეოდა მათი შვილების უფლებები, ვინაიდან მათ უკვე გავლილი ჰქონდათ სასკოლო მზაობის ეტაპი და შეეძლოთ აღნიშნულის დადასტურებაც.„მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მშობლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს და უზრუნველყოფს მითითებულ პერიოდში დაბადებული ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას.სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ განათლების პოლიტიკის შემდგომი დაგეგმვის პროცესში ერთ-ერთ ძირითად პრინციპად გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მსგავსი საკითხები განიხილება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო კონცერტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრს დაარსებიდან 88 წელი, ხოლო სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 78 წელი შეუსრულდა. საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო თარიღებს გაზაფხულის პირველი კონცერტი მიუძღვნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კონცერტი, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები, ჯაზის და ბლუზის მომღერლები მონაწილეობდნენ, სტუ-ის მეორე სასწავლო კორპუსში, საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სივრცეში, სრული ანშლაგით წარიმართა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ლეგენდარულმა ჯაზ-ორკესტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყანას საერთაშორისო აღიარება არაერთგზის მოუტანა. რექტორის თქმით, ჯაზ-ორკესტრის ისტორია არა მხოლოდ მუსიკალური მემკვიდრეობის ქრონიკაა, არამედ უნივერსიტეტის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველი უმაღლესი საინჟინრო სკოლა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ცნობილია თავისი მეცნიერებითა და ინჟინერიით, თუმცა მისი სული და ხასიათი სწორედ ისეთ შემოქმედებით კოლექტივებში იკვეთება, როგორიც ჩვენი სახელოვანი ჯაზ-ორკესტრია. მაესტრო იოსებ ტუღუშის ორკესტრმა და მის ბაზაზე გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ლეგენდარულმა ჯაზ-ბენდმა ათწლეულების განმავლობაში შექმნა მაღალი პროფესიონალიზმის, შემოქმედებითი თავისუფლებისა და ტრადიციებისადმი ერთგულების უნიკალური სინთეზი.განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, თითოეულ მუსიკოსს - როგორც ვეტერანს, ისე ახალგაზრდას - იმ თავდადებისა და ნიჭიერებისთვის, რითაც ეს საღამო დაუვიწყარ მოვლენად იქცა. მსმენელის ემოცია, სავსე დარბაზი და ხანგრძლივი ოვაციები ნათლად ადასტურებს, რომ საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თაობებს მომავალშიც გააერთიანებს და არაერთ წარმატებას მოუტანს ჩვენს ალმა-მატერს“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრის ტრადიციებსა და მის შემოქმედებით განწყობებზე ყურადღება გაამახვილა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა და დირიჟოორმა, მაესტრო ირაკლი კალმახელიძემ.„ჩემი ცხოვრება “გეპეის ჯაზ-ორკესტრს” 1968 წლიდან დავუკავშირე, მას შემდეგ, რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. ამ ჟანრს დიდმა მაესტრო სოსო ტუღუშმა მაზიარა და ვთვლი, რომ დღემდე მისი საქმის ერთგული გამგრძელებელი ვარ. 2018 წელს საუნივერსიტეტო ორკესტრმა 80 წლის იუბილე აღნიშნა და ფილარმონიასთან მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. სწორედ მაშინ მიენიჭა ორკესტრს მაესტროს სახელი. ჩვენი ორკესტრის ისტორია 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება, სასულე ორკესტრს ნიკოლოზ თევზაძე ხელმძღვანელობდა, შემდეგ წლებში კი კოტე კარგარეთელი. მოგვიანებით, დორიან კიტიას მოსვლით ოქროს ხანა დაიწყო - 1957 წელს ჩვენი ორკესტრი მხოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი გახდა. ორკესტრთან თანამშრომლობდნენ ცნობილი კომპოზიტორები: სანდრო მირიანაშვილი, კონსტანტინე პევზნერი, გოგი ცაბაძე, შოთა მილორავა, გია ყანჩელი, გურამ ბზვანელი და სხვები. ჩვენი ბიგ-ბენდი ერთგვარი სამჭედლო იყო ქართული ესტრადისა. აქ, ამ ორკესტრის წიაღში შეიქმნა ცნობილი მუსიკალური დუეტები, ტრიოები, მათ შორის ჯემალ სუხიშვილის ტრიო, გეპეის ცნობილი კვარტეტი - გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით, ჯანსუღ კახიძის „შვიდკაცა“, ანსამბლი „რერო“. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ “გეპეის ჯაზ-ორკესტრთან“ შეიქმნა იმ დროისთვის სრულიად ახალი - კონფერანსიეს ჟანრი, რომლის ცნობილი წარმომადგენლებიც იყვნენ ბაჯული გელოვანი, პაატა კახნიაშვილი, აბესალომ ლორია, ირაკლი მამაცაშვილი, ქართლოს კასრაძე, გია ჭირაქაძე. ამ სცენაზე აიდგა ფეხი ჩვენი ესტრადის თითქმის ყველა ვარსკვლავმა, მათ შორისაა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, დემურ ცქიტიშვილი, სერგო გოცირიძე, ნიკო ჯადუგიშვილი, გიული ჩოხელი, ჯილდა დათუაშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ეთერ კაკულია, დები ჩაფიჩაძეები, ზურა კობეშავიძე, ეკა კვალიაშვილი, გია მაჭარაშვილი, თემურ თათარაშვილი, თეკლა კალმახელიძე, თემო საჯაია, ქეთი ორჯონიკიძე და მრავალი სხვა.ჩვენი ჯაზ-ორკესტრი დღეს უკვე ბრენდია, რომელიც ერთგულად აგრძელებს ძველ ტრადიციას და ქმნის ხარისხიან, მაღალი დონის პროდუქტს, რისი მიღწევაც შეუძლებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე. ჯაზ-ორკესტრის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს - აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს - პროფესორ კარლო კოპალიანს, ვიცე-რექტორებს - თამარ წერეთელსა და თამარ ლომინაძეს, მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას - დიდი სიყვარულისთვის, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის“, -ამბობს მაესტრო ირაკლი კალმახელიძე. სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ბადრი ლებანიძის თქმით, საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ერთგულად აგრძელებს ტრადიციას და ახალ თაობას, ახალ რეპერტუართან ერთად, იმ პოპულარულ ქართულ თუ უცხოურ ჯაზურ კომპოზიციებს გადასცემს, რომლებსაც წინა თაობის ვარსკვლავები წარმატებით ასრულებდნენ. “თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრში ძველი და ახალი თაობის გასაოცარი, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები უკრავენ: ირაკლი კვანჭიანი, თემურ მაისაშვილი, ცნობილი მეცნიერი - პროფესორი ამირან ცქიტიშვილი, კაკო ვაშალომიძე, რომელიც სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 1974 წლიდან შეუერთდა, ირაკლი კალმახელიძე, ზურაბ ცაგარელი, ბიჭიკო ქადაგიშვილი, გიორგი გვალია, დიმიტრი ლეკვეიშვილი, ვახტანგ კალმახელიძე, რომან პოღოსოვი, ვალერი პილტაკიანი, ამირან მარტიაშვილი, გრიგოლ მელაძე, ბარბარე წითლაური, გიორგი ზანაძე, აკაკი მამალაძე, მერაბ სანოძე, ლევან კვირიკაშვილი, თამო ჩომახიძე. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა სოლო მომღერლები, რომლებიც უბადლოდ ასრულებენ ქართულ და უცხოურ ჯაზს და ბლუზს: ბარბარა სამხარაძე, გიორგი ტატიშვილი, სოფო სიხარულიძე, ნუციკო მერაბიშვილი, საბა ღურწკაია, გიორგი ტატიშვილი და სხვები. სწორედ ჯაზ-ორკესტრის სხვადასხვა თაობის შემსრულებლები ქმნიან ერთად იმ განუმეორებელ აურას, რომელიც აღაფრთოვანებს აჯადოებს მსმენელს. უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრსა და „გეპეის ჯაზს“ ღირსშესანიშნაც თარიღებს”, - აღნიშნავს ბადრი ლებანიძე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოში, გასული საუკუნის 40-50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრმა შეიტანა. ათეულობით წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა.

ბოლო სიახლეები