2024 წლის აგვისტოში კატალონიელი მარია ბრანიასი 117 წლის და 168 დღის ასაკში გარდაიცვალა; იმ დროს ის ოფიციალურად იყო მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი.
იმის დასადგენად, თუ როგორ იცოცხლა მარიამ ამდენ ხანს, ესპანეთის ხოსეპ კარერასის ლეიკემიის კვლევითი ინსტიტუტის ჯგუფმა ყოვლისმომცველი ანალიზები ჩაუტარა ყველაფერს, დაწყებული მისი გენებიდან და ცილებიდან, მიკრობიომითა და მეტაბოლიზმით დამთავრებული.
ანგარიში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, უიშვიათეს ცნობებს გვთავაზობს იმ უჯრედული აპარატის შესახებ, რაც შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მეორე ასწლეულში გადაბიჯების საშუალებას აძლევდეს.
მარია სუპერმხცოვანი იყო — ადამიანი, რომელმაც 110 ან მეტი წელი იცოცხლა, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა. საუკუნეს მიღწეული ყოველი 10 ადამიანიდან მხოლოდ ერთი ახერხებს კიდევ ერთი ათწლეულის ცხოვრებას.
სხვადასხვა ანალიტიკური მეთოდისა და ინტერვიუს გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მარია ბევრ რეკომენდაციას აკმაყოფილებდა, როცა საქმე ეხება დღეგრძელობას და ჯანმრთელად დაბერებას.
მას მენტალურად, სოციალურად და ფიზიკურად აქტიური ცხოვრების სტილი ჰქონდა; მაგალითად, დროს ხარისხიანად ატარებდა ოჯახთან და მეგობრებთან — ცნობილია, რომ ყველა ეს ფაქტორი დემენციის რისკს ამცირებს. ამას გარდა, მარია კარგად იკვებებოდა, ძირითადად ხმელთაშუაზღვიური სტილის რაციონით, რომელიც ასევე დაკავშირებულია დიდხანს სიცოცხლესთან.
ერთი რამ, რაც მკვლევრებმა შენიშნეს, იყო მარიას სიყვარული იოგურტისადმი. მკვლევართა აზრით, სუპერმხცოვანის საკვების არჩევანმა ნაწლავის ჯანსაღი ბაქტერიები წაახალისა — მართლაც, მის ნაწლავის მიკრობიომს გაცილებით ახალგაზრდის მახასიათებლები ჰქონდა.
„მიკროორგანიზმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი სხეულის მეტაბოლურ შემადგენლობაში, არამედ ანთებაში, ნაწლავის გამტარობა, ცნობიერებაში, ძვლისა და კუნთის ჯანმრთელობაში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
დიდი ხანია, სიკვდილიანობის კრიტიკულ განმსაზღვრელად მიიჩნევა ჩვენს დნმ-ში არსებული ვარიაციები. მარიას ჰქონდა გენები, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერ იმუნურ სისტემასთან, გულის დაავადებებისგან დაცვასთან და კიბოს რისკის შემცირებასთან.
კვლევაში ასევე შეისწავლეს დნმ-ის მეთილირება — ქიმიური მარკირების მექანიზმი, რომელიც გავლენას ახდენს გენების გამოხატვაზე (ექსპრესია). ვინაიდან ამ მექანიზმზე გავლენას ახდენს გარემოში არსებული სტრესი, მას ხშირად იყენებენ ბიოლოგიური დაბერების აღწერისთვის.
„აღსანიშნავია, რომ დნმ-ის მეთილირებაზე დაფუძნებულმა ასაკის ყველა სხვადასხვა ალგორითმმა ერთნაირი შედეგი დადო. ჩვენს სუპერმხცოვანს გაცილებით პატარა ბიოლოგიური ასაკი ჰქონდა, ვიდრე მისი რეალური ქრონოლოგიური ასაკი იყო და ასე აღმოჩნდა შესწავლილ სამ სხვადასხვა ქსოვილში“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა მიერ გამოვლენილ სხვა ფაქტორებს შორის იყო ძლიერ ეფექტიანი მეტაბოლიზმი, რაც განაპირობებს „ცუდი“ ქოლესტერინის დაბალ დონეს და „კარგი“ ქოლესტერინის მაღალ დონეს, ასევე ანთების დაბალ დონეს.
თავად მარია თავის დღეგრძელობას უკავშირებდა „მოწესრიგებულ ცხოვრებას და სასიამოვნო გარემოცვას“, მაგრამ აშკარაა, რომ საქმეში მრავალი ფაქტორი იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ჩვენგანი 117 წელს ვერ მიაღწევს, კვლევა დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ შეიძლება მივცეთ სხეულს დაზიანებისა და დაავადების გარეშე დაბერების საუკეთესო შანსი — ამის შედეგად კი გავაუმჯობესოთ საკუთარი ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკში.
„სურათი, რომელიც ჩვენმა კვლევამ დახატა, აჩვენებს, რომ უკიდურესად დიდი ასაკი და ცუდი ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული არ არის და ორივე პროცესი შეიძლება გამოცალკევდეს და დავიდეს მოლეკულურ დონეზე“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე BioRxiv.