პარასკევი, იანვარი 10, 2025

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი დღეს, 10:30 საათზეა ჩანიშნული.

მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან, მსახიობის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, საქმე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არის აღძრული. ამასთან, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა მელია – უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო ეფექტური მესიჯით „აბა, ომი გინდა?!“ თუ არჩევნები გაყალბდა?

უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო ეფექტური მესიჯით „აბა, ომი გინდა?!“ თუ არჩევნები გაყალბდა? – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მელიას თქმით, არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა. „უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ ეფექტური მესიჯით „აბა, ომი გინდა?!“ მოიგო არჩევნები თუ არჩევნები გაყალბდა? „ოცნების“ პროპაგანდას ვერ გაეცა სათანადო პასუხი და იმიტომ მოიგეს თუ სწორედ იმიტომ გააყალბეს არჩევნები, რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა? არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა. ამ არჩევნების შედეგები დემოკრატიულ მსოფლიოში არავის უღიარებია, ამ არჩევნებს არ აქვს არც საერთაშორისო და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. „ოცნებამ“ არჩევნები წააგო, მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა და დღეს იმაზე საუბარი, რომ „ქოცების“ პროპაგანდას პასუხი ვერ გაეცა და ამიტომ მოახერხეს მათ საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ჰქონდათ შედეგი, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. ხალხმა უშეცდომოდ გაიაზრა, საიდან მოდის ომის საფრთხე და გააკეთა არჩევანი სწორედ მშვიდობისთვის – გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის, ევროკავშირის, დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არჩევანია ახლა მოპარული. „აბა, ომი გინდა?!“ – „ოცნების“ პარტიული აქტივის (გამგებლების, მერების, მათი ცოლებისა და ოჯახების) თავის სამართლებელ მესიჯად აქციეს. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, იმიტომ ვაძლევ „ოცნებას“ ხმას, რომ ფულის მოპარვის, ტენდერის ჩაწყობის და ა.შ. საშუალებას მაძლევსო. მთელი საარჩევნო კამპანია რეგიონში გავატარე, ოთხი თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ყველა მხარეში, თითქმის ყველა ქალაქში, არაერთ სოფელში და არსად ამომრჩევლისგან არ გამიგია „ოცნების“ ეს მესიჯი, და თუ ვინმესგან გამიგია, ისევ გამგებლებისგან/ბიუროკრატებისგან და „ოცნების“ აგიტატორებისგან. ასე რომ, ახლა ამ თემაზე დისკუსიის მსურველები საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ: ეს არჩევნები გაყალბდა თუ „ოცნებამ“ „პასუხგაუცემელი“ ნარატივით მოიგო არჩევნები?“ – წერს მელია სოციალურ ქსელში.

გოგა ხაინდრავა: „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ – „უილსონ-კოენ ენდ $“ კონგრესი სავაჭრო სახლად გადააქციეთ! ამერიკის ღირსებას ასე სამარცხვინოდ ჰყიდით

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ კონგრესში დარეგისტრირების ფაქტს ეხმიანება. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - „უილსონ-კოენ ენდ $“. კონგრესი სავაჭრო სახლად გადააქციეთ! ამერიკის ღირსებას ასე სამარცხვინოდ ჰყიდით! წერეთ და იკითხეთ „MEGOBARI“ აქტები! ჭეშმარიტი მეგობარი აღარ დარჩა ამერიკას, თქვენი დარი სულით მოვაჭრე ფარისევლების გამო!“, - წერს გოგა ხაინდრავა.  

საქართველოში 14-16 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი იგეგმება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოში 14-16 იანვარს ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვლენ თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ლიბერალ დემოკრატების ალიანსი) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, სოციალ-დემოკრატიული პარტია). ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. პრესრელიზის თანახმად, ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან. „ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. ვიზიტის დროს, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც , თანამომხსენებლები ხვდებიან“, – ნათქვამია პრესრელიზში. პრესრელიზის თანახმად, თანამომხსენებლები გეგმავენ ზოგიერთი დაკავებული დემონსტრანტის მონახულებას, რომელთა დაკავება და მათთვის წარდგენილი ბრალდებები შეშფოთებას იწვევს. ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა თანამომხსენებლებთან კონსულტაციით, 2024 წლის 23 დეკემბერს ვენეციის კომისიის სასწრაფო შეფასება ითხოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების კუთხით.

ამ ინიციატივას მე მილოცავენ მოქალაქეები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ხალხს მოეწონა ეს იდეა და მხარს უჭერს – თორნიკე მოლაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

ამ ინიციატივას მე მილოცავენ მოქალაქეები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ხალხს მოეწონა ეს იდეა და მხარს უჭერს, - განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ. „ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ. კერძო დანაშაულებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია, აღარ ჩამოვთვლი, რა აქვთ გაკეთებული. მოვუწოდებ ახალგაზრდობას, გთხოვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, რა უბედურების მომტანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, რა სისხლისღვრა და რა ცრემლების ღვრა იყო საქართველოში. ვიღაცების გვარები რომ ჩამოვთვალოთ, 1000 კაცი რომ ვთქვათ, კიდევ 10 000 გამოგვრჩება, 10 000 რომ ვთქვათ, მინიმუმ კიდევ 10 000 გამოგვრჩება, ვერ ჩამოთვლი, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი. რამდენი ადამიანი საერთოდ უკვალოდ დაიკარგა“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა. საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ირაკლი კობახიძე – ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე, მათ შორის, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას, დავადასტურეთ მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ელჩთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შევხვდი. შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. დავადასტურეთ მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ბოლო სიახლეები