მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ისინი ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნისთვის”.
საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები არიან: ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს: საქართველოს კანონი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს კანონი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.
კონკრეტულად კი – შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ე) ქვეპუნტი: 2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები;“
მოქალაქეები დავობენ, რომ მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული – წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება; ასევე, ისინი უთითებენ კონსტიტუციის მეცხრე მუხლს – ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და იცავს სახელმწიფო. ასევე, სარჩელში მითითებულია კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

