“მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც ადგენს, რომ დიახ, ადგილი ჰქონდა ფარულობის დარღვევას” – ამის შესახებ “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლის ოჯახის წევრებსაც, როგორც დანარჩენ მოქალაქეებს, აქვთ კონსტიტუციური უფლება გააჩნდეთ საკუთარი პოლიტიკური შეხედულება.
“მოსამართლეების ოჯახის წევრებს, ისევე, როგორც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური მრწამსი და შეხედულებები. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც ადგენს, რომ დიახ, ადგილი ჰქონდა ფარულობის დარღვევას, რაც არის უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციურად გარანტირებული პრინციპი და რაც არის არჩევნების გაუქმების საფუძველი,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინებას, რომელმაც წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნების შედეგები გააუქმა. ცესკოში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავას. შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრშიც. პრეზიდენტი და ოპოზიცია მოსამართლეს მადლობას უხდიან, “ქართულ ოცნებაში” კი გადაწყვეტილების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ.