მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოს“ ტერიტორია დატოვეს.
ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები რესტორნის პერიმეტრიდან გარკვეული მანძილით გადასწიეს და ერთგვარი კორიდორი შექმნეს, რის შემდეგაც რესტორანში მყოფმა მოსამართლეეებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დრომდე რჩებიან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
მანამდე ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ადგილიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, ისინი დააკავეს თუ ტერიტორიას გაარიდეს.
რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეძახილებით დახვდნენ. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგაც, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს, ასევე კვერცხები დაუშინეს. ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.