მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა, იგორ გროსუმ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
გროსუს თქმით, 28 სექტემბრის არჩევნები მოლდოვისთვის დიდი მნიშვნელობისაა და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს არამხოლოდ მომდევნო ოთხი წლის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური დაჯგუფებების მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობები სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. ველოდებით დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან“, – აღნიშნა პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა.
ამასთან, იგორ გროსუმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით მოქმედებენ და სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.
„მათ, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, უფასო რჩევას ვაძლევ: იფიქრეთ მოქალაქეებსა და ქვეყნის მომავალზე და არა საკუთარ ეგოისტურ, პარტიულ ინტერესებზე. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ წესრიგის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა იგორ გროსუმ.