პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან დათმო ტელეკომპანია „პოსTV”-ს წილი. ჯაფარიძემ უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ წილის დათმობას არც მომავალში აპირებს:
„წილის დათმობას მე არც მომავალში ვაპირებ. აქვე, სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვისაც ურთულეს პირობებში უწევს, ემსახუროს სიმართლეს და ამას ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ“ – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მართვაში გადასცა ტელეკომპანიის მისი კუთვნილი წილი კონკრეტულ პირს, რათა მისი საქმიანობა არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან.„მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ე.წ. მედიასაშუალებისა და ე.წ. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე დავთმე ჩემი კუთვნილი წილი ტელეკომპანია “pos tv”-ში და თითქოს ეს იმიტომ გავაკეთე, რომ წინასწარ მქონდა ინფორმაცია ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიის მოსალოდნელ დასანქცირებაზე. პირველ რიგში, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მე არ დამითმია ტელეკომპანია “pos tv”-ს ჩემი წილი და ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ, რადგან, ვთვლი, რომ მოცემული ტელეარხი ემსახურება სიმართლეს და ამიტომაც მას ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება. სინამდვილეში, მე, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, ვინაიდან, ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და არ მაქვს უფლება ვმართავდე ბიზნესს (აქვე აღვნიშნავ, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არც არასდროს ჩავრეულვარ), მხოლოდ და მხოლოდ მართვაში გადავეცი ტელეკომპანიის ჩემი კუთვნილი წილი კონკრეტულ პირს, რათა ჩემი საქმიანობა არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან( საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-10 მუხლი). ამიტომ, მინდა აღვნიშნო, რომ სრული სიცრუეა და საფუძველს მოკლებულია რადიკალების სიხარული, თითქოს მე ტელეკომპანია “pos tv”-ს წილს აღარ ვფლობ. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ წილის დათმობას მე არც მომავალში ვაპირებ. აქვე, სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვისაც ურთულეს პირობებში უწევს, ემსახუროს სიმართლეს და ამას ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

