შაბათი, მარტი 14, 2026

მიხეილ ჩხენკელი – ჩვენი გუნდის მოტივაციის წყარო იყვნენ ახალგაზრდები, კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია „მაიკროსოფტის“ (Microsoft) მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო, – ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტის მთავარ მიზანს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. სპეციალური მოწვევით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პანელურ სესიაზე, ავსტრიისა და ეკვადორის განათლების მინისტრებთან ერთად, განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მონაწილეობა. მსურს, მადლობა გადავუხადო „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს ამ მეტად საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. პერსონალური მადლობა კი ენტონი სალსიტოს, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ერთობლივად საინტერესო პროექტები განვახორციელეთ. „მაიკროსოფტის“ პროდუქტები არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით შევძელით პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევა. შექმნილ ვითარებაში კარგად გამოჩნდა გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი მიდგომისა და სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ – კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა.

მინისტრის თქმით, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ ორი ძირითადი  მიმართულებით იმოქმედა: „მაიკროსოფტის“ პროდუქტების გამოყენებით სკოლებში ონლაინსწავლება დანერგა და დაიწყო მასშტაბური პროექტი „ტელესკოლა“.

ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიქმნა „მაიკროსოფტ ოფის 365“-ის (Microsoft Office 365) მომხმარებლის პროფილი. „მაიკროსოფტ თიმზში“ (Microsoft TEAMS) შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის. შემუშავდა დეტალური ინსტრუქციები საჯარო სკოლებისთვის. სამინისტროს წარმომადგენლები დახმარებას უწევდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართულიყო.

განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“ (TV-School), რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

მინისტრის თქმით, პროექტს, რომელიც „პირველი არხი – განათლების“ ეთერში გადის, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სატელევიზიო გაკვეთილებს, რომლებიც ყველა კლასის ყველა საგანში ტარდება, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ. სწორედ ასეთი წარმატების გამო პროექტი „ტელესკოლა“ პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს საქმიანობის მომდევნო ეტაპი და ამბიციური გეგმაა, „მაიკროსოფტთან“ (Microsoft) ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის, „მაინქრაფტ ედუქეიშენ ედიშენის“ (Minecraft Education Edition) დანერგვა, ეტაპობრივად კი პროგრამა ყველა სკოლაში დაინერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტიანსა და საინტერესოს გახდის.

მინისტრმა უმაღლესი განათლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი გაძლიერდება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესის სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას როგორც დისტანციური სწავლების, ასევე, „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.

„მაიკროსოფტის“ (Microsoft) მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მონაწილეობდნენ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტი ლიდერი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია

აშშ ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს იმ პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც სურს აშშ-ს. კერძოდ, დასახელებულია ათი კონკრეტული პირი, მათ შორის ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი და უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი.„ფლობთ ინფორმაციას ამ ტერორისტ ლიდერებზე? გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია. ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მიიღოთ ჯილდო და რელოკაცია“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი „ირანის რევოლუციური გვარდიის“ სამხედრო ფრთის სხვადასხვა სტრუქტურას მართავენ და მათ მიმართულებას აძლევენ.

ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგი, ელენე ჯანჯღავა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.არსებული ინფორმაციით, მას თავის არესი ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.როგორც ,,ტიფლის ნიუსს'' შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ, ყველაფერს ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ირანთან ომში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბულში ყოფნისას განაცხადა.„როგორც მთავრობა, ჩვენ უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. ჩვენი ყურადღება მოვლენების თვალსაჩინო ნაწილზე კი არ არის გამახვილებული, არამედ იმაზე, რაც ფარდის მიღმა იმალება. ყველაფერს ვაანალიზებთ და ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე. ისევე როგორც გასულ ღამეს მოხდა, ამ პროცესში ჩვენ ვახორციელებთ ყველა საჭირო პრევენციულ ზომას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს“, – აღნიშნა ერდოღანმა.შეგახსენებთ, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ომის დაწყების შემდეგ ირანული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს და ნატო-ს სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ - ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ - ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას - პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.

ბოლო სიახლეები