ჩვენი მოქმედებები არის გააზრებული, რაციონალური და გრძელვადიანი. კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები, ცალკეული საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მათი ჩარევა წინასაარჩევნო შეკრებებში არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული და ვინ დგას ამის უკან, სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რეალპოლიტიკა და ობიექტურობა დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა მოქალაქეთა უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ევროკავშირთან განაახლოს მოლაპარაკებები, როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება.
„რა თქმა უნდა, გვაქვს ეს რეალობა თბილისში, თუმცა ჩვენი რაციონალური ნაბიჯების გარეშე კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ ომი ავიცილეთ. ჩვენ შევაჩერეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რადგან არ გვინდოდა ბრიუსელის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, რადგან ეს მოთხოვნები მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს. კონკრეტული, საქმიანი საკითხები როდესაც წამოიჭრება, მზად ვართ, მოლაპარაკებები კვლავ განვაახლოთ. ამიტომაც ვთქვი, რომ ხელოვნურია, მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გაიმართება დისკუსია, რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას – საქართველო.
„ხელოვნური ჩარევები როგორც კი შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას, რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას – საქართველო. ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას, მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას – საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართველებმა არ უნდა დათმონ საკუთარი განსხვავებულობა და არ უნდა იყვნენ მხოლოდ ევროპელები.
„ეს ეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას და ჩვენს ქრისტიანულ რწმენას. ქართველი არსებობას და რწმენას ერთმანეთს უკავშირებს. ენის და რელიგიის გარეშე საქართველო ვერ გადარჩებოდა. ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, თუმცა მრავალფეროვნება არის ჩვენი განაცხადი. ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი განსხვავებულობა და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ევროპელები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.