ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია. ჩვენი ერის უმდიდრეს, 3 000-წლოვან ისტორიაში ქრისტიანობის მიღება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რამაც წარსული 17 საუკუნე, ჩვენი აწმყო და მომავალი განსაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია უმთავრესი გავლენა ქართველების ცივილიზაციურ არჩევანზე და მათში ზნეობრივი, შემწყნარებლური თუ კეთილშობილური პრინციპების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
„ჩვენი ხალხი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქრისტეს მოძღვრებას გაუღო გული და უნიკალურ, უძველეს და უწყვეტ ქრისტიანულ ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი. დროთა განმავლობაში ქრისტიანობა და ქართველობა ერთმანეთისგან განუყოფელ ცნებებად იქცა, ამიტომ ჩვენი წინაპრებისთვის სამშობლოზე ზრუნვა – სარწმუნოებაზე ზრუნვას, ქვეყნისთვის ბრძოლა კი უფლისთვის ბრძოლას გულისხმობდა. სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია უმთავრესი გავლენა ქართველების ცივილიზაციურ არჩევანზე და ჩვენში ზნეობრივი, შემწყნარებლური თუ კეთილშობილური პრინციპების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. როგორც მოგეხსენებათ, წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1 700 წელს ჩვენი ერის გაქრისტიანების. ეს უდიდესი ისტორიაა, რომელიც შეგვახსენებს, რომ სწორედ აქ, საქართველოში ჩამოყალიბებულმა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ უამრავ დამპყრობელს გაუძლო. ჩვენს ხალხს კი ყოველი მომდევნო განსაცდელის გადალახვის შემდეგ რწმენა უფრო და უფრო უმყარდებოდა. საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

