ძალიან კარგად იციან, რომ სესხის თემა ძირითადად „ბლეფია“, რთული განსახორციელებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ყაველაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეები რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, უკრაინისთვის ერთობლივი სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
„ვერ მოხდა შეთანხმება გაყინული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს იყო ერთგვარი გამოსვლა ვითარებიდან. ძალიან კარგად იციან, რომ სესხის თემა ძირითადად „ბლეფია“, რთული განსახორციელებელი იქნება. პირდაპირ გაყიდულია ეს ქვეყანა. სამწუხაროდ, ასე ვითარდება პროცესები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ, პირველ რიგში, „უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“.
„რაც მეტად რთულდება პროცესები და კრიზისი თვალში საცემი ხდება, მით უფრო მეტ გამოწვევებს უნდა ველოდოთ. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, მაგრამ კიდევ მეტად მომზადებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ კრიზისებს, რომლებიც გამოწვეულია ევროკავშირში, ჩვენ ზურგს არ და ვერ ვაქცევთ, ჩვენი ინტერესები გვაქვს. ძალიან დიდი შესაძლებლობებია, უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და ამაში მონაწილე უნდა ვიყოთ. ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით ევროპაზე უარს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მივყვეთ პროცესებს. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ჩვენს საზოგადოებას, ყველას სამართლიანი მიდგომით, ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი და ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებსით თუ უნებლიეთ ემტერებიან, არ მივცეთ საშუალება, ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები შეაფერხონ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

