საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ვიმყოფებით, უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და შემდეგ მთლიანად სახელმწიფოსა და მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
პრეზიდენტმა ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმითა და პოლიტიკით, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მშვიდობის კუნძულს უწოდებენ.
„ვიქნები გულწრფელი, მომზადებული შევხვდით ამ პროცესებს. ეს იყო გონიერი, თანმიმდევრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა და აქ მთავარი საკითხი იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ჩვენი საზოგადოების ინფორმირება, თუ რა პროცესები შეიძლებოდა, განვითარებულიყო ჩვენს გარშემო. ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით ამ თემებზე და კარგია, რომ ამისთვის ჩვენ მოვემზადეთ და ის, რომ ჩვენი გონიერი საზოგადოება დადგა თავის ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ამან მოიტანა ის პროცესები, რომელიც ჩვენთან დღეს მიმდინარეობს. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მშვიდობის კუნძული ამ სიტუაციაში, ამ ცეცხლის რკალში. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, რა თქმა უნდა, დიდი ზეწოლების ფონზე, თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდით. მთავარია არ იყოს პანიკა, ქაოსი და ყოველთვის იყოს მომზადებული ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე, ეს უნდა გაითავისოს ყველამ და საქართველო ყოველთვის მომზადებული შეხვდება ნებისმიერ გამოწვევას.
„უდიდესი გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, სახელმწიფოს და მსგავს გამოწვევებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ გონიერია ხელისუფალი, როგორ იმოქმედოს და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, პრაგმატიზმმა, რეალობის სწორად აღქმამ, გამოწვევების წინასწარ გაანალიზებამ და საზოგადოების მომზადებამ მოიტანა შედეგი და გარდა მშვიდობისა, ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვავითარებთ ქვეყანას. ეტაპობრივად ვეხებით თითქმის ყველა სფეროს. უმთავრესი საკითხებია, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისთვის ყველა ერთად, მნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე და ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გავითავისოთ თითოეულმა ჩვენგანმა და ყოველთვის მომზადებული შევხვდებით ნებისმიერ გამოწვევას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

