საქართველო და სლოვაკეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, გვაქვს საერთო ხედვები. ჩვენთვის მისაბაძი და მისასალმებელია, როგორ იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა იმედია გმოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება.
„პირველ რიგში, მადლობა სლოვაკეთის ხელისუფლებას, კერძოდ, ჩემს კოლეგას, პეტერ პელეგრინს, რომელმაც მომიწვია და შინაარსიანი, გულთბილი შეხვედრა მომიწყო. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს. ჩვენთვის მისაბაძი და მისასალმებელია, როგორ იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ. გვჭირდება სწორედ მსგავსი ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრი არიან და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
საქმიანი შეხვედრები გვქონდა, შევხვდით პარლამენტის სპიკერს, განვიხილეთ პარლამენტებს შორის ურთიერთობები, რომელიც უფრო ინტენსიური გახდება. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება სტუმარი შემდეგ თვეს სლოვაკეთში. ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან. ასევე, გვქონდა შეხვედრა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ვიცე-პრემიერთან, განვიხილეთ საქმიანი ურთიერთობები, რაც ეხება საავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, გვქონდა საუბარი განათლების მიმართულებით, იყო ახალგაზრდობის თემები. ეს ის საკითხებია, რომელთაც დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობები უფრო ხშირი გახდება. ძალიან პრაგმატულად და სწორად ფიქრობენ, რომ ჩვენი რეგიონი, რომელიც ამ გამოწვევების ფონზე გამორჩეულია სამშვიდობო პოლიტიკით, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ყველასთვის. თავად სლოვაკეთის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია შუა დერეფნის განვითარება, აზია-ევროპასთან დაკავშირებადობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, უნდა გაერთიანდეს მოტივით, რომ აუცილებელია სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დაცვა და შემდეგ სხვა საკითხები.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკაა, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობით მოვიცვათ ფართო სპექტრის სხვადასხვა ქვეყანა. ძალიან თანმიმდევრული, გონიერი, პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

