მიხეილ ყაველაშვილი – ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებას
ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მზადაა გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და წვლილი შეიტანოს სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში.
„ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა. აქვე, მსურს პირადად ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის. დღეს ჩვენ პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ჩვენ ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს.
სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.
შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის 17 აპრილს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროცესის დასაწყისს. საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.