გარკვეული ადამიანები ასეთ ინფორმაციას აბსოლუტურად შეგნებულად ავრცელებდნენ, რეალურად, არავის უცდია, გადაემოწმებინა, რამე საფრთხე ემუქრება თუ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მათთვის სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ნიშანწყალიც არ არსებობს იმის, რომ შეიძლება, ეს პროგრამა შეწყდეს. სახელმწიფოა გარანტი, რომ ეს პროგრამა მივა ბოლომდე და საქართველოში რეალურად შესაძლებელი გახდება, ვთქვათ, რომ ელიმინაციის პროცესი და შესაბამისად, ეს პროგრამა წარმატებით დავასრულეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ეს იყო მტკნარი სიცრუე. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილ არაერთ ადამიანს დასჩემდა, რომ ცეცხლის გამჩაღებლების როლში გვევლინებიან და ძალიან ხშირად ცდილობენ, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ხელოვნური პანიკა დათესონ. ეს იმისთვის, რომ შემდეგ ეს რაღაცნაირად, უარყოფითად აისახოს ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობებზე და დააზიანონ ქვეყნის სტაბილური განვითარება. ეს სამწუხარო რეალობაა. რაც არ უნდა კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების, ან სულერთია, ვინმეს მიმართ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ქმედება და შენი ქვეყნის დაზიანება, რადგან ამაზე ხელი მოითბო და შემდეგ პოლიტიკური დივიდენდი დაიწერო, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. უკადრისი ქმედების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით C ჰეპატიტის პროგრამის თითქოსდა, მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე. საბედნიეროდ, ეს არც ამ დრომდე ახდა და არც მომავალში არ ახდება. სახელმწიფოა ამის გარანტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.