ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვაწყდებით ლიბერალურ შეხედულებებს, რომ სახელმწიფოში ეს მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, დაახლოებით ისე, როგორც ალკოჰოლური საშუალება. პირად მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „პრემიერმა ისაუბრა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტისა და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის სახელმწიფოს მიერ გადმობარების მნიშვნელობაზე. რატომ გახდა ამდენად გამკაცრება და ამ ტიპის ღონისძიებები საჭირო?“
„მადლობა ამ თემით დაინტერესებისა და ამ თემის გაშუქებისთვის, მადლობა, რომ მაქვს საშუალება, საზოგადოებას ფართოდ ვესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რა არის მტკივნეული საკითხები და როგორია ამ პრობლემების გადაჭრის ხედვა. იმავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ ესენია საკითხები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას. რეალურად, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია, რომელსაც ყურადღება აქვს დათმობილი ამ თემისთვის, რეალურად აღიქვამს, რომ ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები, რომლებიც გამოიწვია გარკვეულმა ლიბერალურმა მიდგომებმა. ვფიქრობთ, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ეს მიდგომები გადაიხედოს, გაჩნდეს პრობლემების რეალურად გადაჭრაზე ფიქრის შესაძლებლობა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, კომერციალიზაცია ამ სფეროში არის გარკვეული პრობლემების შემცველი, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როდესაც კონკრეტული მიმწოდებელი არის კონკრეტული სუბიექტი და აქვს ინტერესი, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაყიდოს, რომლითაც მდიდრდება, ამ ინტერესმა, შესაძლოა, შემდეგ ხელი შეუშალოს პროდუქტის მომხმარების შემცირების სურვილს. პირადად მქონია არაერთხელ შეხვედრა ნარკოლოგებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ და, სამწუხაროდ, აქ ვაწყდებით განსხვავებულ მოსაზრებებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ შეხედულებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელთა აზრითაც, სახელმწიფოში ეს მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. არის ლიბერალური შეხედულებები, ლიბერალური მიდგომის გამართლების მცდელობა და ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს სახელმწიფოში ნარკოტიკი უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, დაახლოებით ისე, როგორც ალკოჰოლური საშუალება. პირად მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. მე, როგორც, მათ შორის, იურისტს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის მართებული მიდგომა.
არის განსხვავებული მოსაზრებაც ამ ლიბერალური შეხედულებისგან და პირიქით. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი რისკია ამ ნივთიერებების ავად მოხმარებისა, ასეთ დროს გამართლებულია, სახელმწიფო იყოს მკაცრი და ნივთიერებების მოხმარება არ გახადოს ლეგალური ბიზნესის, შემოსავლის წყარო. პრიმიტიულად შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას. მაგალითად, ტკბილი პროდუქტი არ არის სასარგებლო. ტკბილ პროდუქტს ვინც ყიდის, რასაკვირველია, დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი გაიყიდოს. მასვე რომ ჩავაბაროთ, მაგალითად, იმაზე ზრუნვა, რაც შეიძლება ნაკლებ ტკბილ პროდუქტს მოვახმარდეთ ჩვენს შვილებს, ინტერესთა კონფლიქტი იარსებებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ზუსტი ანალოგი და ზუსტ პარალელს ვერ გაავლებთ, მაგრამ პრინციპის ასახსნელად გამოსადეგია.
ამიტომ, როცა პრემიერმა ისაუბრა ამ ტიპის ინტერესთა კონფლიქტზე, ეს არის აბსოლუტურად მართებული შენიშვნა. საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, ცენტრალური, საკვანძო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სწორედ ამ გარემოებას. ხალხს, რომელიც ფულს შოულობს, შეიძლება, კომერციული ინტერესი ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული იმ პროგრამაში, რასაც ჩანაცვლებით პროგრამას, „მეთადონის“ პროგრამას ვუწოდებთ. ჩნდება ლიბერალური მიდგომა ნარკოპოლიტიკის მიმართ, ამბობენ, რომ ნარკოტიკი უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნდა ყიდულობდეს აფთიაქებში და შემდეგ მოიხმარდეს. ასეთი ლიბერალური შეხედულების ადამიანები, როგორც წესი, ემთხვევიან ხოლმე იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელთათვისაც კომერციულადაც საინტერესოა ასეთი მიდგომა. რატომ არ მოგვწონს ჩვენ ნარკომოვაჭრეები? რატომ მივიჩნევთ, რომ ეს ცუდი საქმეა? რა მნიშვნელობა აქვს, ლეგალურია თუ არალეგალური, თვისობრივად დიდი პრობლემების წყაროა ის, რომ ინტერესთა კონფლიქტი არსებობს ამ თვალსაზრისით. ადამიანები, რომლებიც მომხრეები არიან ლიბერალური შეხედულებების, რომ მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ნარკოტიკი, მათთვის ეს კომერციულად შეიძლება იყოს საინტერესო. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ კიდევ მივიჩნევთ, რომ ასე არ უნდა იყოს, საზოგადოება რაც შეიძლება შორს უნდა ვამყოფოთ ისეთი მანკიერი თვისებისგან, როგორიც არის ნარკომანია. ამიტომ რაც შეიძლება მეტად რთულად უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი. მთავარი ატრიბუტი, დამახასიათებელი უნდა იყოს მკურნალობის ფუნქცია. ამას გაუსვა ხაზი პრემიერმა და ეს იყო მართებული შენიშვნა. რაც ყველაზე მთავარია, მიზანი და ამოცანა უნდა იყოს ადამიანის განკურნება. ამის ამბიცია უნდა გქონდეს და რესურსიც ამას უნდა მოხმარდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.