გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი გრიპის სეზონს მომზადებული შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„არაფერი უცნაური იმაში არ არის, რომ ზამთრის სეზონზე გრიპის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს. ეს ბუნებრივი პროცესია. მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ის, რომ ზამთარში მოსალოდნელია გრიპის მაჩვენებლის გაზრდა, ეს ნორმალურია. ვაკვირდებით მონაცემებს, რასაც სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს ვადარებთ. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, გამოწვევას გაუძლოს. ამავდროულად, ყველას მოვუწოდებ, სტანდარტული ჰიგიენური ნორმები დაიცვან და აიცრან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

