ორშაბათი, აპრილი 6, 2026

მიხეილ სააკაშვილი – ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხუთჯერ ააცილა დიდი უბედურება.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, 2012 წელს ვეღარ შეძლო საქართველოს გადარჩენა, 2021 წელს კი ჰქონდა ქვეყნის გადარჩენის მცდელობა და ახლაც მზადაა, კვლავ გადაარჩინოს.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თავისუფლებისთვის საჭიროა თავდადება და თავგანწირვა.

„როგორც ჩანს, ბატონი ნოღაიდელი მობრძანდება დასაკითხად. აუცილებლად დავრჩები სამშობლოს მოღალატის, ნოღაიდელის დაკითხვის პროცესში. 7 ნოემბრის საქმე ეხება იმას, რისგან გადავარჩინეთ ჩვენ საქართველო და ბევრჯერ გადავარჩენთ. ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება. პირველი –  შევარდნაძე ჩამოვაცილეთ. ვასაძე, ივანიშვილი, პატარკაციშვილი გამზადებული ჰყავდათ რუსებს 2005 წელს და ეს არ გამოუვიდათ; მეორედ გადავარჩინე, როდესაც ასლან აბაშიძე ჩამოვაცილეთ; მესამედ 2007 წელს პატარკაციშვილის რუსების დავალებით მოწყობილ გადატრიალებას და 2008-ში ერთპიროვნულად მე გადავარჩინე, ჯორჯ ბუშთან და საერთაშორისო კონტაქტებით, ხალხთან და ჯართან ერთად. 2012-ში ვეღარ შევძელი საქართველოს გადარჩენა. 2021-ში მქონდა სურვილი, გადარჩენის მცდელობა. ომი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ეს საქმე გამოგვივიდოდა. მზად ვარ, გადავარჩინო ისევ. ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ აფხაზეთი დაბრუნებული იქნება. მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს. მკვლელების კორპორაციასთან გვაქვს საქმე. პირველი მსხვერპლი ბარბარე რაფალიანცი იყო. არჩევნებზე ეხმარებოდა რუსეთიდან ჩამოსული ჯგუფი. კახეთშიც იყვნენ, შესთავაზეს ივანიშვილზე თავდასხმის ინსცენირება ან მეორე სცენარი – რაფალიანცი. ესენი რვა თვის ბავშვის სისხლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეროსის მკვლელობა იყო შემდეგი, რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება უნდოდა, რუსეთიდან ჩამოვიდნენ, კამერა მიატრიალეს, მოკლეს ეროსი, ოჯახი გააჩუმეს. ეროსის მკვლელობისთვის ივანიშვილს ვაკისრებ პასუხისმგებლობას.

შემდეგი იყო ბაჩალიაშვილის მკვლელობა, მოხდა მისი თვითმკვლელობის იმიტაცია. გლდანის ციხის უფროსიც მოკლულია, რომ ბაჩიაშვილი დაეშინებინათ და დანებებოდა. ერთნაირ ხელწერასთან გვაქვს საქმე. სერიული მკვლელების ხელშია ეს ქვეყანა. გვჭირდება თავდადება და თავგანწირვა, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს გადასახდელი. პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტოლოგობს, საქმეს არ გამოადგება. თავისუფლებისთვის საჭიროა ბრძოლა, თავგანწირვა, ჩემი მაგალითი ამას გაჩვენებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი მძიმე კრიზისშია.

„რუსეთი მძიმე კრიზისშია, კარგავს უნგრეთს, არჩევნების ბედი გადაწყვეტილია, კარგავს სომხეთს, თუმცა იქაური რაფალიანცის ისტორია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება სომხეთს, სასაცილო საყურებელი იყო პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა, პუტინი როგორ „აკაჩავებდა“, რომ რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური ბლოკებიდან არ გასულიყო და ევროკავშირს არ შეერთებოდა. რუსეთს ცუდად აქვს საქმე უკრაინის ფრონტზე, ძალიან მაგრად მიდის სიტუაცია. რუსეთი წინ ვერ მიდის და უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს დანაკარგებიც“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვერ ვისაუბრებ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ირანს სურს შეთანხმების მიღწევა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შუამავლებთან

მე ვერ ვისაუბრებ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ირანს სურს შეთანხმების მიღწევა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შუამავლებთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„მე ვერ ვისაუბრებ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ მეორე მხარეს აქტიური და მზადყოფნაში მყოფი მონაწილე გვყავს. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის დასრულების მიზნით შუამავლებთან მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“.„მათ აქვთ დრო ხვალ, საღამოს 08:00 საათამდე, მაგრამ ჩვენ მათთან ვმუშაობთ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ბატონი უიტკოფი აქ არის და ჯეი დი ვენსი ასევე ჩართულია მოლაპარაკებებში. ბატონი უიტკოფი აქ ზის და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ვნახოთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანელებს სურთ, რომ აშშ-მა დაბომბვა გააგრძელოს, რადგან მათი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობის პირობებში უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მიუხედავად ირანელებისადმი მოწოდებებისა, რომ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყონ, ძალიან რთულია პროტესტის გამოხატვა იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს საკუთარი სამხედროები ესვრიან.„მე სინამდვილეში ვეუბნები მათ, რომ არ გავიდნენ გარეთ, მე სრულად მესმის. საქმე სიმამაცეში არ არის, ჩვენ ყველანი მამაცები ვართ. მე მამაცი ვარ, მაგრამ ასევე ჭკვიანი“, – განაცხადა ტრამპმა.

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.„ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური პროექტებისთვის.„მართალია, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისე ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე, თითქოს საქართველო არც კი არსებობდეს, მაგრამ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს იმ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომელთა უმრავლესობა რუკაზე ირანის მონახვას ვერ ახერხებს, თუმცა თამამად აკეთებს განცხადებებს ირანსა და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა გეოპოლიტიკაში, მან ისიც იცის, რომ საქართველოს გვერდის ავლით გლობალური ეკონომიკური პროექტები ჩვენს რეგიონში ვერ განხორციელდება. შესაბამისად, საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვისაც. ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია. სამხრეთკავკასიური დერეფანი ასევე მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის, თუმცა, ისიც ნათელია, რომ თუნდაც ამ რეგიონში საქართველო ვერ იქნება ერთადერთი დერეფანი. რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ბევრი ევროპული ქვეყანა ისევ გააგრძელებს ტვირთების მიღებას რუსეთის გავლით, რაც ბოლომდე არც ომის პერიოდში შეწყვეტილა. ცხადია, რომ ტვირთების ნაწილს ზანგეზურის დერეფანიც მიიზიდავს და, ასეთ პირობებში, საქართველოზე გამავალი მარშრუტი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და მოხერხებული უნდა იყოს. თუკი ფართო რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ტვირთები სრულიად საკმარისი იქნება ყველასთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომლებიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი ერთ-ერთი მოკლე და მოხერხებული ალტერნატივაა სხვა დერეფნებს შორის,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

41 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება – Artemis 2-ის ყველაზე დაძაბული მომენტი

მსოფლიოს ყურადღება „არტემის 2" -ის მისიისკენაა მიპყრობილი. 1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით "ორიონი"მიემართება, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან. მათ მიერ ჩვენი პლანეტისა და დედამიწის თანამგზავრის უახლესი ფოტოების ხილვას საზოგადოება ყოველ ჯერზე სუნთქვაშეკრული ელის.NASA-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის „გრავიტაციული გავლენის სფეროში“ შევიდნენ, სადაც მის მიზიდულობას კოსმოსურ ხომალდზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე დედამიწისას.ეკიპაჟმა ეს გადასვლა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ განახორციელა, როდესაც ისინი მთვარიდან დაახლოებით 62 800, ხოლო დედამიწიდან 373 400 კილომეტრით მოშორებით იმყოფებოდნენ. შემდეგი საკვანძო ეტაპი მოგვიანებით, მთვარის უკანა მხარეს გამგზავრება იქნება, რითაც ისინი კოსმოსში უფრო შორს შეაბიჯებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი მანამდე. რა დროსაც მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 41 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად "ზურგშექცევითაა", ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, შორსაა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მომენტი.შეგახსენებთ, რომ „ორიონი“, რომლის ბორტზეც 4 ასტრონავტი - რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი იმყოფება მთვარისკენ 1 აპრილს აფრინდა.Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება, არამედ მას გარშემო შემოუვლის. ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია Artemis 4-ის დროს დადგამს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად), რომელიც 2028 წლისთვისაა ჩანიშნული. ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადებას ემსახურება.დედამიწის თანამგზავრთან „ორიონის“ გადაფრენა პირდაპირ ეთერში სხვადასხვა პლატფორმაზე გადაიცემა:  

დიმიტრი პესკოვი – სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდეს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ვარაუდობს, რომ სერბეთში გაზსადენზე „საბოტაჟის მცდელობის“ უკან „კიევის რეჟიმის ჩარევის კვალია“.როგორც პესკოვმა განმარტა, მოსკოვი ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო ზომებს იღებს და იმედოვნებს, რომ სერბეთი და უნგრეთიც იმავეს გააკეთებენ.„ვიცით, რომ „თურქული ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის” ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექცია კიევის რეჟიმის თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, თუ ვინ შეიძლება იდგეს ევროპის ტერიტორიაზე ამ კრიტიკულ ენერგეტიკულ არტერიაზე თავდასხმის მცდელობების უკან. მაღალი ალბათობით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდება. ვიმედოვნებთ, ანკარაში ზელენსკისთან უახლოესი კონტაქტებისას მას უთხრეს, რომ „თურქეთის ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები მიუღებელია“- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.ცნობისთვის, 5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ გამავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დეტონატორების შემცველი დიდი პაკეტები აღმოაჩინეს.

ილჰამ ალიევი – საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას

საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.„რაც შეეხება ენერგეტიკას, მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით ყოველთვის. მინდა, ვუსურვო ქართველ მოძმე ერს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ბოლო სიახლეები