სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პალიკო კუბლაშვილი 2014 წლიდან ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს, ცალკე გასულიყვნენ და, თავის მხრივ, ჰპირდებოდა დაფინანსებას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, შარშანდელ არჩევნებზე კი არენაზე გამოიყვანეს ნიკა გილაური.

„ესეც ადრე არასოდეს დამიწერია. ივანიშვილის მიერ პარტიების აკრძალვა სინამდვილეში იმ მარცხის აღიარებაა, რომ მან მრავალწლიანი მანიპულაციების შედეგად ვერ შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ მოსპობა. ფაქტი ისაა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ორ ნაწილად გაყოფით დასუსტებულმა „ნაციონალებმა“ და გასულებმა, IPSOS-ის ეგზიტპოლების თანახმად, ერთობლივად 39% აიღეს საპარლამენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილმა გადაწერა და ორივე ჯგუფს ერთად 20% დაუწერა, ე.ი. გააკეთა იგივე რაც შევარდნაძემ 2003-ში. 2021 წელს ჩემი პატიმრობის პირობებშიც კი ენმ-მა 40% აიღო წინა ადგილობრივ არჩევნებზე.

მანამდე ივანიშვილი იყენებდა სისხლის სამართლის დევნას, ძალადობას, როცა ჩვენი წევრები გამოყარეს საკრებულოდან, და პირდაპირ მოსყიდვას ჩვენი ფრაქციიდან ხალხის გამოყოფის წასახალისებლად. ივანიშვილი 2014-დან ამ საქმეში იყენებდა პარლამენტის ყოფილ წევრს ენმ-დან, პალიკო კუბლაშვილს, რომელიც ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს, ცალკე გასულიყვნენ და, თავის მხრივ, ჰპირდებოდა დაფინანსებას.

გამოყოფილების (გამოყოფა მოხდა 2016 წლის არჩევნების შემდეგაც) უსვამდნენ პირობას – მათ იმას კი არ სთხოვდნენ, რომ ივანიშვილი შეექოთ, არამედ გამოსულიყვნენ ლოზუნგით – „არც მიშა, არც ბიძინა“. 2018 წელს ამ ლოზუნგით რომ არ გამოსულიყო დავით ბაქრაძე და ცალკე არ ეყარა კენჭი, მიუხედავად ყველანაირი გაყალბებისა, ენმ-ის კანდიდატი გ.ვაშაძე პირველ ტურშივე მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს.

შარშანდელ არჩევნებზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი, რომელიც, ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-ისგან განსხვავებით, მულტიმილიონერია და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის „საქართველოს ბანკი“. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან და, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთთან, რომლის ფულს ის რეცხავს – როგორც ახლა საბოლოოდ დადასტურდა, ინტენსიურად ლობირებს ივანიშვილს დასავლეთში.

გილაურმა „თავისი“ ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში – იმ პირობით, რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება. ჩემი ხსენება მართლაც გააქრეს, სამაგიეროდ გილაური გამოდიოდა ყველგან და მუდმივად, ჰყვებოდა, რომ ჩემს დროს ყველა რეფორმა მისი გატარებული იყო და ის არასდროს ყოფილა ენმ-ის წევრი, ოღონდ როცა ჩემს ხელისუფლებაში იყო ჯერ – ენერგეტიკის, შემდეგ – ფინანსთა მინისტრი და საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი და მთავრობაში ფეხი ამოუკვეთა კახა ბენდუქიძეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც იცოდა, რომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი“ დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო „ადგილობრივ არჩევნებშიც“ აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს (აბა, რითი ირჩენენ თავს?), რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას“ ძახება, თან ისე, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ.

თან უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ წლებში ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს, ეს სულაც არ იცავს ასეთ ადამიანებს რეპრესიებისგან, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ივანიშვილს ყველაზე მეტად არ უყვარს ის ხალხი, ვისაც ფულს აძლევს.

ეს ყველაფერი იმისთვის მოვყევი, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე.

მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე.

ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსები, და არა მხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ​ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.„უცნაურია, როცა საუბარია რუსეთის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჯერ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა და ვერც აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა…“ – გოგა ხაინდრავა

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო სიახლეები