საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავადაც ხელს უწვდის ალეკო ელისაშვილს.
„მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ფეისბუქპოსტში მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას აზიარებს, რომელშიც ელისაშვილი ამბობს, რომ სურს, ხელი გაუწოდოს მიხეილ სააკაშვილს.
„მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს კარგი არ მითქვამს, მაგრამ შევხედოთ ასე: სააკაშვილი არის ძალიან დიდი ტიპი, ისტორიული ტიპი საქართველოში. რამდენიმე კარგს ვიტყვი, მარტო ცუდს არ ვფიქრობ მასზე. ცუდსაც ვიტყვი და წინაპირობა მაქვს ერთი, რომ ხელი ჩამოვართვათ შერიგებისა, სააკაშვილამდე არ მიმიშვებენ, მაგრამ აქედან ვუწვდი ხელს – სააკაშვილი იყო ტიპი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და ქვეყანა კორუფციისგან გაწმინდა. ეს არის ფაქტი. გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ფაქტია, რომ პოლიცია პოლიციას დაემსგავსა, საბაჟო საბაჟოს დაემსგავსა… დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპიდან ამოვედით. ეს არის ფაქტი. მეორე ამბავი, რაც მე მომწონს – ომი არ დაუწყია სააკაშვილს, ომი არ დაუწყია საქართველოს. ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც და როკის გვირაბიც არის საქართველოს ტერიტორია. მე ვაკრიტიკებდი სააკაშვილს უთავბოლობის გამო“, – განაცხადა ელისაშვილმა.