ორშაბათი, აპრილი 6, 2026

მიხეილ სააკაშვილი: ვალდებულებას, ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ

ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე.

„ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო საქართველოს უახლეს ისტორიაში და ერთადერთი პარალელი არის ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან 2013 წელს და თუ რა მოჰყვა ამას უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ეს ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება ევროკავშირის ან რომელიმე პარტიის წინაშე, ეს იყო ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, მას შემდეგ, რაც მან მოჰპარა ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში, მან აიღო ვალდებულება, ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა უნდა დანიშნულიყო თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

როდესაც მან დაინახა, რომ კატასტროფულად აგებს, მან ეს ვალდებულება მთლიანად გააუქმა. მისი გეგმები არის გასაგები, აგვისტოში ის აპირებს დახუროს ოპოზიციური მედია, ვიდრე მთელი მსოფლიო და ოპოზიციის ნაწილი წასულია შვებულებაში. შემდეგ აპირებს, რომ კოვიდის საფარქვეშ შემოიღოს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი და ეს კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, რადგან შარშან არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს კოვიდი, ახლაც მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას. იგივე გეგმა აქვს წელს, სექტემბრისა და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებზე.

„ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში. ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე პრაქტიკულად ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას საქართველოში აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთ პერსპექტივას, რასაც მას უსახავენ, არის ქვეყნიდან გაგდება. ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში ამჯერად ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების. მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს იღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები, ლიდერები რომლებიც ინარჩუნებენ ქართველი ხალხის მიმართ ერთგულებას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, დიდი ხანი ვიცადეთ, ბევრი წელი დავკარგეთ, მეტი საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს. ჩვენ წავალთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვერ ვისაუბრებ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ირანს სურს შეთანხმების მიღწევა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შუამავლებთან

მე ვერ ვისაუბრებ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ირანს სურს შეთანხმების მიღწევა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შუამავლებთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„მე ვერ ვისაუბრებ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ მეორე მხარეს აქტიური და მზადყოფნაში მყოფი მონაწილე გვყავს. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის დასრულების მიზნით შუამავლებთან მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“.„მათ აქვთ დრო ხვალ, საღამოს 08:00 საათამდე, მაგრამ ჩვენ მათთან ვმუშაობთ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ბატონი უიტკოფი აქ არის და ჯეი დი ვენსი ასევე ჩართულია მოლაპარაკებებში. ბატონი უიტკოფი აქ ზის და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ვნახოთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანელებს სურთ, რომ აშშ-მა დაბომბვა გააგრძელოს, რადგან მათი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობის პირობებში უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მიუხედავად ირანელებისადმი მოწოდებებისა, რომ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყონ, ძალიან რთულია პროტესტის გამოხატვა იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს საკუთარი სამხედროები ესვრიან.„მე სინამდვილეში ვეუბნები მათ, რომ არ გავიდნენ გარეთ, მე სრულად მესმის. საქმე სიმამაცეში არ არის, ჩვენ ყველანი მამაცები ვართ. მე მამაცი ვარ, მაგრამ ასევე ჭკვიანი“, – განაცხადა ტრამპმა.

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.„ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური პროექტებისთვის.„მართალია, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისე ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე, თითქოს საქართველო არც კი არსებობდეს, მაგრამ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს იმ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომელთა უმრავლესობა რუკაზე ირანის მონახვას ვერ ახერხებს, თუმცა თამამად აკეთებს განცხადებებს ირანსა და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა გეოპოლიტიკაში, მან ისიც იცის, რომ საქართველოს გვერდის ავლით გლობალური ეკონომიკური პროექტები ჩვენს რეგიონში ვერ განხორციელდება. შესაბამისად, საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვისაც. ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია. სამხრეთკავკასიური დერეფანი ასევე მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის, თუმცა, ისიც ნათელია, რომ თუნდაც ამ რეგიონში საქართველო ვერ იქნება ერთადერთი დერეფანი. რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ბევრი ევროპული ქვეყანა ისევ გააგრძელებს ტვირთების მიღებას რუსეთის გავლით, რაც ბოლომდე არც ომის პერიოდში შეწყვეტილა. ცხადია, რომ ტვირთების ნაწილს ზანგეზურის დერეფანიც მიიზიდავს და, ასეთ პირობებში, საქართველოზე გამავალი მარშრუტი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და მოხერხებული უნდა იყოს. თუკი ფართო რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ტვირთები სრულიად საკმარისი იქნება ყველასთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომლებიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი ერთ-ერთი მოკლე და მოხერხებული ალტერნატივაა სხვა დერეფნებს შორის,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

41 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება – Artemis 2-ის ყველაზე დაძაბული მომენტი

მსოფლიოს ყურადღება „არტემის 2" -ის მისიისკენაა მიპყრობილი. 1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით "ორიონი"მიემართება, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან. მათ მიერ ჩვენი პლანეტისა და დედამიწის თანამგზავრის უახლესი ფოტოების ხილვას საზოგადოება ყოველ ჯერზე სუნთქვაშეკრული ელის.NASA-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის „გრავიტაციული გავლენის სფეროში“ შევიდნენ, სადაც მის მიზიდულობას კოსმოსურ ხომალდზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე დედამიწისას.ეკიპაჟმა ეს გადასვლა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ განახორციელა, როდესაც ისინი მთვარიდან დაახლოებით 62 800, ხოლო დედამიწიდან 373 400 კილომეტრით მოშორებით იმყოფებოდნენ. შემდეგი საკვანძო ეტაპი მოგვიანებით, მთვარის უკანა მხარეს გამგზავრება იქნება, რითაც ისინი კოსმოსში უფრო შორს შეაბიჯებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი მანამდე. რა დროსაც მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 41 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად "ზურგშექცევითაა", ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, შორსაა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მომენტი.შეგახსენებთ, რომ „ორიონი“, რომლის ბორტზეც 4 ასტრონავტი - რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი იმყოფება მთვარისკენ 1 აპრილს აფრინდა.Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება, არამედ მას გარშემო შემოუვლის. ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია Artemis 4-ის დროს დადგამს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად), რომელიც 2028 წლისთვისაა ჩანიშნული. ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადებას ემსახურება.დედამიწის თანამგზავრთან „ორიონის“ გადაფრენა პირდაპირ ეთერში სხვადასხვა პლატფორმაზე გადაიცემა:  

დიმიტრი პესკოვი – სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდეს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ვარაუდობს, რომ სერბეთში გაზსადენზე „საბოტაჟის მცდელობის“ უკან „კიევის რეჟიმის ჩარევის კვალია“.როგორც პესკოვმა განმარტა, მოსკოვი ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო ზომებს იღებს და იმედოვნებს, რომ სერბეთი და უნგრეთიც იმავეს გააკეთებენ.„ვიცით, რომ „თურქული ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის” ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექცია კიევის რეჟიმის თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, თუ ვინ შეიძლება იდგეს ევროპის ტერიტორიაზე ამ კრიტიკულ ენერგეტიკულ არტერიაზე თავდასხმის მცდელობების უკან. მაღალი ალბათობით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდება. ვიმედოვნებთ, ანკარაში ზელენსკისთან უახლოესი კონტაქტებისას მას უთხრეს, რომ „თურქეთის ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები მიუღებელია“- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.ცნობისთვის, 5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ გამავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დეტონატორების შემცველი დიდი პაკეტები აღმოაჩინეს.

ილჰამ ალიევი – საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას

საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.„რაც შეეხება ენერგეტიკას, მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით ყოველთვის. მინდა, ვუსურვო ქართველ მოძმე ერს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ბოლო სიახლეები