ნავთლუღის ე.წ.სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ, დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე გურამ დონაძე დაიბარეს, რომელსაც დაავალეს კადრების გადაღება, თითქოს დაღუპულებს ავტომატები ჰქონდათ და ომრხრივი სროლის შედეგად იყვნენ მოკლული.
„ნავთლუღის სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ. დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი. დაურეკეს გურამ დონაძეს, რომელიც ადგილზე მივიდა და დაიწყო კადრების გადაღება, დაავალეს. გურამ დონაძე იღებს, თითქოს დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გარბიან ჰაერში სროლით და ყვირიან „ძირს ავტომატები“, თითქოს ამ დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ. ამაზე განაჩენშიც არის საუბარი. ამ დროს სამივე ბიჭი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია და ყალბი სცენარი დადგეს. დათა ახალაია იმ დროს იყო უშიშროების ხელმძღვანელი, კონსტიტუციური უსაფრთხოების ხელმძღვანელი. ამ დროს ის კლავს სხვებთან ერთად ახალგაზრდებს – გიორგი დგებუაძესთან, მის ქვემდებარესთან ერთად და მას მერე, რაც სამივე უკვე გარდაცვლილია დგება საჭიროება, რომ მოიგონონ ბრალდება. გურამ დონაძემ გადაიღო ჰაერში სროლა და, რომ ყვირიან „ძირს ავტომატები“. ასეთ დროს, როგორც საქმეშიც არის საუბარი „გამოძიებით დაუდგენელმა პირმა“ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც იყო ავტომატები, მიიტანა და ამ დაღუპულებს, თითოეულს გვერდზე დაუწყო. სასამართლო ამბობს, რომ გამოძიებით დაუდგენელმა პირმაო. დადგეს სცენარი, თითქოს დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად იყვნენ დაღუპული. თითქოს, ძალოვნები გახდნენ იძულებული ესროლათ და ეს ბიჭები დაეხოცათ“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.