ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.

მიმდინარე რეფორმის ამ დროისათვის არსებული შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარადგინა.

პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი.

წარმატებული შედეგების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სახელმწიფოში არ დარჩეს არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი, აგრეთვე – ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი – სააკაძის სასწავლო ბაზა დაათვალიერებინა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგების პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რეფორმის მონაწილე უწყებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არ ვართ და არც არასდროს ვყოფილვართ ბანანის რესპუბლიკა, დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს მოსკოვიდან ვერ გვიბედავდა ყველა

ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა, დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო არ არის და არასდროს ყოფილა ბანანის რესპუბლიკა. „ბევრს უნდა შიგნით თუ გარეთ, რომ ჩვენ წარმოგვადგინოს ბანანის რესპუბლიკად, სადაც ყოველ მეოთხე, მეხუთე თუ მეშვიდე წელს ხუნტები, პუტჩები და ა.შ. მართავენ გადატრიალებას და შემდეგ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა და არც არასდროს ვყოფილვართ. აი, საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით ბანანის რესპუბლიკა. ვიყავით მოწინავე ქვეყანა ბევრი რამის გამო, კულტურითაც ვიყავით და პოლიტიკურადაც ჩვენი რაღაც სათქმელი გვქონდა. დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს ყველა ვერ გვიბედავდა მოსკოვიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“. როდესაც ვლაპარაკობთ – როგორ შეიძლება, რამე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეო. რატომ არ უნდა ვთქვათ, როდესაც ადამიანი, ფაქტობრივად, ჩვენს სუვერენიტეტს აუქმებს. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და კადრულობს იმას, რომ დადგეს ოპოზიციის მიტინგზე. ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ასე რომ შეგილახავს სუვერენიტეტს, იქ უთხრა კი არა, ქმედებებიცაა განსახორციელებელი. ასე რომ, რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ნამდვილად იქნება შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ყველა მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. სხვათა შორის, საინტერესოა, ამ კითხვას გასცენ პასუხი, აპირებენ თუ არა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის რუსეთი მზად არის

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და მოსკოვი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჩაუღრმავდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „უკრაინაში ზავი არის გზა არცერთი მიმართულებით და მოსკოვი არ დაკმაყოფილდება დარეგულირებაზე ცარიელი საუბრით“. „ჩვენ გვჭირდება საბოლოო სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც დააფიქსირებს ყველა პირობას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი გზით დაადგენს ამ შეთანხმებების დარღვევის შეუძლებლობას. არავინ მალავს იმ ფაქტს, რომ ზავი საჭიროა იმისთვის, რომ დრო მოიპოვოს კიევის იარაღით მომარაგებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ეს არაერთხელ განვაცხადეთ, ვისაუბროთ დასავლელ ყველა წარმომადგენელთან, რომლებიც მოწოდებული არიან თანაბარი დიალოგისკენ, ინტერესთა ბალანსის ძიებაში, ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნას ისეთივე სამართლებრივი ძალა ექნება, როგორც მის მიერ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის დანიშვნას

ნიკა გვარამია უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის, გამოდის, ამბობს დიდ სისულელეს, რასაც მგონი, სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, ასე რომ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი, ტყუილად დავკარგავთ დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. პაპუაშვილის თქმით, ფაქტი მარტივია და სახეზეა, 29 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. „29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ერთობლივად იქნას აღმოფხვრილი. ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში, ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი წინ მიდის

სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ, ეს არის ნაწილი უბრალოდ ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღეს გარედან მართული პროცესები მიმდინარეობს. „ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც არ მოეწონა რაღაც, მაშინ მშვიდი ვითარება იყო, პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი. შემდეგ ვნახეთ, როგორ გადაეწყვნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, როგორ ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე, თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას. ასე რომ, ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საბაბით ცდილობდნენ, რომ საქართველოში განეხორციელებინათ. ერთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებენ ამ ყველაფერში, ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიოს. ამიტომ, ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენი შიდა, თუ გარე არაკეთილმოსურნეები და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან ზუსტად ქართულ საზოგადოებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი კარლ ბილდტის განცხადებას პასუხობს – ეს დღეც დაგვიდგა, დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას პასუხობს. „ეს დღეც დაგვიდგა. დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ბოლო სიახლეები