მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ.
მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, გუნდს და UFC-ის პრეზიდენტს.
„ახლა კარგი მომენტია, პრეზიდენტი ტრამპი გვესწრება. მადლობა დანა უაითს (UFC-ის პრეზიდენტი), რადგან მან საშუალება მომცა, მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მქონდეს. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მიხარია, რომ შემიძლია, ახალი თაობისთვის შთაგონების წყარო ვიყო. მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია.
ჩემთვის მთავარი ვარჯიშია, ყოველდღე ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ასე გაგრძელებას ვაპირებ. ვიცოდი, შონ ო’მალი პირველი ბრძოლის შემდეგ რაღაცებს შეცვლიდა, თუმცა მეც უკეთესი გავხდი. მას ვაჩვენე, რომ არსენალში უამრავი ტექნიკა მაქვს.
მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს მწვრთნელებს. ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ“, – განაცხადა დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა. ქართველმა სპორტსმენმა შონ ო’მალი პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.