მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ტრამპი დაჟინებით სთავაზობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ის ძალების მონაწილეობით, თუმცა, შეინბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის და ნებისმიერი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში გაგრძელდება.
ამასთან, შეინბაუმმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფენტანილის რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა.
„ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი მუშაობის შესახებ. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. მაგალითად, ფენტანილის რაოდენობა ერთ წელიწადში 50 პროცენტით შემცირდა. ზოგადად, ის დაჟინებით მოითხოვს აშშ-ის ძალების მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს აუცილებელი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს თანამშრომლობა, რომელიც მუშაობს. ასე რომ, ეს აუცილებელი არ არის“, – განაცხადა შეინბაუმმა.
მისი თქმით, ტრამპმა ჰკითხა ვენესუელასთან დაკავშირებით მექსიკის პოზიციის შესახებ, რაზეც მექსიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგება.
ამასთან, შეინბაუმის თქმით, მექსიკა მზადაა, თხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციაში.

