ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

მეუფე შიო: წმინდა ილია წინასწარმეტყველი არის ჩვენთვის დიდი მაგალითი და სახე მოშურნეობისა, ღვთის ერთგულებისა, სიმამაცისა და შემართებისა

წმინდა ილია წინასწარმეტყველი არის ჩვენთვის დიდი მაგალითი და სახე მოშურნეობისა, ღვთის ერთგულებისა, სიმამაცისა და შემართებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისა და ქადაგებისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს – ილიაობას.

დღეს არის დიდი წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენება, რომელიც მოღვაწეობდა ქრისტესშობამდე მე-10 საუკუნეში ისრაელის სამეფოსა და იუდეაში.

დღეს არის აგრეთვე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება.

დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს.

წმინდა ეკლესია ილია თეზბიტელისადმი მიძღვნილ საზეიმო საგალობლებში, რომლებიც დღეს და გუშინ მოვისმინეთ, მას უწოდებს „წინასწარმეტყველთა საფუძველს“, მიწიერ ანგელოზს და ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედს. ეს ცხადყოფს, როგორი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ დიდი წმინდანისადმი. მას ეწოდება წინასწარმეტყველთა საფუძველი, მისი მოშურნეობისთვის, მისი ერთგულებისთვის ღვთისადმი და სიმამაცისთვის, რომელიც მან გამოავლინა ჭეშმარიტების დაცვის და ქადაგების საქმეში.

რატომ საფუძველი? – იმიტომ, რომ ეს თვისებები აუცილებელია ყველა წინასწარმეტყველის ღვაწლისთვის და ამ ღვაწლის საფუძველს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ყველა წინასწარმეტყველისთვის, რომელიც ძველ აღთქმაში მოღვაწეობდა, ამ დიდი წმინდანის ღვაწლი იყო შთაგონების წყარო.

წმინდა ილიას ეწოდება ასევე მიწიერი ანგელოზი, რადგან იგი ნამდვილად ანგელოზებრივ ცხოვრებას ეწეოდა, იკვებებოდა მწირად, იყო დიდი მმარხველი და ანგელოზთა მსგავსად ღვთის ნების მაუწყებელი იყო. თქვენ იცით, რომ სიტყვა ,,ანგელოზი” ნიშნავს მაუწყებელს. წმინდა ილიაც იყო მაუწყებელი და განმცხადებელი იმისა, რასაც მას უფალი უბრძანებდა, ცოდვილთა სამხილებლად და ღვთის ნების გამოსავლენად.

ილია თეზბიტელი, ძვირფასო ძმებო და დებო, იყო სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, რადგან მას არ უგემია სიკვდილი, იგი ცეცხლოვანი ეტლით იყო აყვანილი ზეცაში და მას სიკვდილი ჯერ კიდევ მოელის, როდესაც ბოლო ჟამს, ანტიქრისტეს პერიოდში კვლავ ჩამოვა ზეციდან, იქადაგებს დედამიწაზე და მოწამებრივ სიკვდილს მიიღებს. ეს არის უძველესი საეკლესიო გადმოცემა. ამიტომ ეწოდება მას აგრეთვე ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსაზღვრებაა, რადგან თქვენ იცით, რომ უფალ იესო ქრისტეს პირველი მოსვლის წინამორბედი იყო წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ხოლო მეორე, დიდებით მოსვლის წინამორბედი იქნება წმინდა ილია თეზბიტელი, რომელიც იქადაგებს მეორედ მოსვლის წინ, როდესაც უფალი საყოველთაო საშინელ სამსჯავროს აღასრულებს.

ეს დიდი წმინდანი, ილია თეზბიტელი, განსაკუთრებით ახლოს იყო ყოველთვის ქართველ ხალხთან, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩვენს მოქცევამდე მრავალი საუკუნით ადრე მისი ხალენი იყო ჩამოტანილი საქართველოში და ის დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. ამ მოვლენამ შეუძლებელია არ გვაფიქრებინოს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და როგორც წმინდა ილია თეზბიტელი იქადაგებს მეორედ მოსვლის წინ ჭეშმარიტებას, მისი ხალენის საქართველოში დავანებაც არის ნიშანი და ლოცვა-კურთხევა იმისა, რომ ქართველი ერიც ბოლო ჟამს უნდა იყოს შემნახველი და მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, მართლმადიდებლობისა.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამრიგად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი არის ჩვენთვის დიდი მაგალითი და სახე მოშურნეობისა, ღვთის ერთგულებისა, სიმამაცისა და შემართებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისა და ქადაგებისა. შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ ჩვენც ასევე მივბაძოთ მას, შთაგონებული მისი ამ ღვაწლით, ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა შევასრულოთ ასეთივე მოშურნეობით, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ილია წინასწარმეტყველი და მისი ლოცვა.

მინდა, დღეს თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ანგელოზის დღე. განსაკუთრებული განწყობაა დღეს ჩვენს ტაძარში. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დღეს მობრძანება და წირვის ჩატარება, მაგრამ ჩვენ, მისი სულიერი შვილები, აქ ვართ შეკრებილი და ვხარობთ ასეთი სულიერი მამის და წინამძღოლის გამო.

მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, ეს მასაც უთქვამს არაერთხელ, შთაგონებული იყო სწორედ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ღვაწლის მაგალითით. ჩვენ შეგვიძლია დღეს სიამაყით ვთქვათ, რომ თანამედროვე ეპოქაში მისი უწმინდესობა და უნეტარესობაც გახდა ჩვენთვის მაგალითი ამ თვისებებისა, მოშურნეობისა, სიყვარულისა, ერთგულებისა, სიმტკიცისა და სიმამაცისა.

მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამ დიდი ღვაწლისთვის, რამეთუ მე-20 საუკუნეში ეკლესიის აღორძინება მის საპატრიარქო მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. არ არის დღეს სფერო ეკლესიურ ცხოვრებაში, რომლის აღმშენებლობაშიც და აღორძინებაშიც განსაკუთრებული წვლილი არ შეეტანოს და მისი ლოცვა-კურთხევით არ მომხდარიყოს ეს.

მინდა, ვუსურვო მას, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, უფალმა მისცეს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, რათა კიდევ დიდხანს შეძლოს ამ მაღალი მსახურების აღსრულება ღვთის სადიდებლად და წმინდა ეკლესიის გასაძლიერებლად, ამინ”, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ჟვანია – 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“

კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, გვიან ღამით, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარი გააღებინა, იქ გახლდით მეც, ბავშვი ვიყავი. ტრაპეზზე როდესაც დააბრძანა ტომოსი და ავტოკეფალიის აღიარების ფიდმანი, პატრიარქმა რამდენიმე სიტყვა თქვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა შემდეგი ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.ჟვანიას თქმით, პატრიარქმა ზუსტად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობაც.„დღეს ისტორიული დღის აღნიშვნაა, ამ ისტორიულ დღეს მრავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შრომა შეეწირა, თუმცა დააგვირგვინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ. ეს არ ყოფილა პროცესი, როდესაც იგი ერთხელ ეწვია კონსტანტინეპოლის ეკლესიას და შემდეგ პასუხი მიიღო. თუ ამოიღებთ ​ეპისტოლარულ მიმოწერას, ათწლეულების მანძილზე, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ნახავთ, რომ არც ერთი წერილი არ არის ისე დაწერილი, სადაც არ არის ნახსენები სიტყვები „პრობლემა“, „კამათი“, „საპრობლემო საკითხი“ და სხვა მსგავსი სიტყვები ორივე მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეარჩია კონკრეტული ტაქტიკა: იგი მსოფლიო ეკლესიების მეთაურებს ეუბნებოდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და პატრიარქის ტიტული მათი მხრიდან თუ არ იქნებოდა აღიარებული, ეს სერიოზულ პრობლემად იქცეოდა ეკლესიებს შორის ურთიერთობაში. მართალია, ეს პირდაპირ სიტყვებით არ ჩანდა, მაგრამ მიხვდებით, რომ ზუსტად მთელი შინაარსი ამ მოძრაობისა, რომელიც მან წამოიწყო მსოფლიოში არა მარტო ერთი მიმართულებით, სწორედ ამას ნიშნავდა. საბოლოოდ, 1990 წელს იქნა აღიარებული.კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, გვიან ღამით, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარი გააღებინეს, მეც იქ ვიმყოფებოდი, ბავშვი ვიყავი. ტრაპეზზე როდესაც დააბრძანა ეს ტომოსი და ავტოკეფალიის აღიარების ფიდმანი, პატრიარქმა რამდენიმე სიტყვა თქვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა შემდეგი ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“. მან ზუსტად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობაც“, – აღნიშნა ჟვანიამ.ამასთან, მისივე თქმით, დღეს ყველასთვის კვლავ მძიმე დღეა.„პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა. სინოდის წევრებმა და საპატრიარქო ტახტის დროებითმა მმართველმა, მეუფე შიომ აღავლინეს ლოცვა და ჩვენც ყველამ მათთან ერთად ვილოცეთ მისი უწმინდესობის სულის ცხონებისთვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ იგი უკვე ცხონებულია, უფრო მეტიც, თუმცა ეს არის ტრადიცია, როდესაც ჩვენ ველოდებით მე-40 დღეს, მიცვალებულის უფალთან მიახლების დღეს. დარწმუნებული ვარ, მისი სიწმინდე და წმინდანობა გამოჩნდება კიდევ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალურად, ისე საზოგადოდაც. ხალხის უწყვეტი ნაკადიც პატივისცემის გამოხატულების გარდა, არის მისი სიწმინდისა და წმინდანობის აღიარებაც“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ხვიჩა კვარაცხელია – კაპიტნობა რთულია, მაგრამ შევეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა და ისრაელთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.„უპირველესად მინდა, რომ საქართველოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება მივუსამძიმრო. ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა.რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ.რას ნიშნავს ჩემთვის კაპიტნობა და რა მიზნები მაქვს? ეს პასუხისმგებლობაა, მით უფრო, რომ კანკავას და კაშიას კაპიტნობის დროს დავიწყე ნაკრებში თამაში. შევეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.მსაჯებთან პრობლემები მაქვს? არ ვფიქრობ, რომ ასეა. თუმცა, როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მობილიზებული უნდა გახდე და შევეცდები, ასეთი ვიყო“.საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს 26 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართავს და ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში ესტუმრება. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

გიორგი გაბუნია – რადიკალური ძალის მიზანია დესტრუქცია, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს, ნახეთ, რა ხდება, ყველგან ომია, ამ ურთულეს გარემოში საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობაა, არამედ...

საქართველოში არსებობს რადიკალური ძალა და არა ოპოზიცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ძალა ქვეყანას არასოდეს დაემუქროს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.გიორგი გაბუნიას თქმით, საქართველო ატარებს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რადიკალური ძალა კი ანტიეროვნული და გარედან მართულია.„საქართველომ არასოდეს უნდა დაუშვას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს გარედან მართული ძალა მაშინ, როცა თავად აღიარებენ, რომ ისინი გარედან იმართებიან, მუდმივი კონტაქტი აქვთ გარე დამფინანსებლებთან და პატრონებთან. ეს ადამიანები იმუქრებიან, რომ ხელისუფლებაში მოვლენ. გეკითხებით, როგორ მოვლენ? არჩევნებში არ მონაწილეობენ, პარლამენტში არ შემოვიდნენ. მათი ერთადერთი მიზანი ძალადობა და რევოლუციური პროცესებია. გასული არიან ლეგალური პოლიტიკური სივრციდან. ეს ძალები პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ იღებენ, შესაბამისად, მათი ერთადერთი მიზანია დესტრუქცია და რადიკალიზაცია, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს. თითქოს ეს სიტყვები გაცვდა, მაგრამ გაიხედეთ, გარეთ რა ხდება, გინდათ ჩრდილოეთში, გინდათ სამხრეთში, ყველგან ომია. ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ყველგან ტყვია გავარდა და ამ ურთულეს გარემოში საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობაა, არამედ ეკონომიკა ვითარდება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სჟა) პრეზდენტმა, გიგა გვენცაძემ გადასცა.კვარაცხელია რომ ყოველწლიური გამოკითხვის გამარჯვებული იყო, 31 იანვარს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული დაჯილდოვების ცერემონიალზე გაირკვა. მაგრამ ქართველი ვარსკვლავი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად იმყოფებოდა და ჯილდოს მიღება პირადად ვერ შეძლო.სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა პირველად 1964 წელს ჩატარდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 5 ფეხბურთელი გახდა. 1964 წელს სლავა მეტრეველი, 1967 წელს მურთაზ ხურცილავა, 1981-ში რამაზ შენგელია, 2023-ში ხვიჩა კვარაცხელია, 2024-ში კი – გიორგი მამარდაშვილი.კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ – 2023 და 2025 წლებში დასახელდა.

„ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს“ – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს. მართლა სად ხარ, ღმერთო? აღარ მჯერა, რომ არსებობ სადმე", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.გარდაცვლილი ირმა გაფრინდაშვილია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ახლობლები წერენ, რომ მარიამ გაფრინდაშვილის და ავტოავარიას ემსხვერპლა. მარიამ გაფრინდაშვილი 15 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტია. მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქება და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაა. მარიამ მაყურებელს არაერთხელ უნახავს ქვეყნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში. 

ბოლო სიახლეები