ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

მეუფე შიო პატრიარქს – თქვენი მოწამებრივი მსახურება ჩვენთვის სულიერი ცხოვრების გზამკვლევია, თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი თქვენი მსახურება შთაგვაგონებს გავხდეთ უკეთესნი

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! თქვენი მოწამებრივი მსახურება ჩვენთვის სულიერი ცხოვრების გზამკვლევია და თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია. ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი თქვენი მსახურება შთაგვაგონებს გავხდეთ უკეთესნი, გვაძლევს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მისი უმაღლესი ქმნილება, ადამიანი; როგორ თავდაუზოგავად უნდა ვემსახუროთ სამშობლოს და როგორ სათუთად უნდა ვუფრთხილდებოდეთ ადამიანები ერთმანეთს, – ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 47-ე წლისთავისადმი წარმოთქმულ სიტყვაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

მიტროპოლიტი შიოს განცხადებით, ეს დღე ყოველთვის გამორჩეული, ამაღლებული და სიხარულით სავსეა, რადგან ვფიქრობთ რაოდენ დიდი, მასშტაბური და ეპოქალურია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, დედებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს არის წმინდა დიდი მღვდელმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება. დღეს ასევე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების დღე, 47-ე წლისთავი მისი აღსაყდრებიდან.

ეს დღე ჩვენთვის არის ყოველთვის გამორჩეული, ამაღლებული, სიხარულით სავსე, როდესაც ვფიქრობთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ღვაწლზე; რაოდენ დიდი, მასშტაბური და ეპოქალურია მისი ღვაწლი.

მაქვს პატივი, წმინდა სინოდის სახელით დღეს წავიკითხო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისადმი მისალოცი სიტყვა:

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

დღეს მთელი საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი და სასიხარულო დღეა. ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 47-ე წლისთავს.

მაქვს პატივი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი.

1977 წელს, 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდ, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და წინ ურთულესი ათწლეულები გველოდა, ამიტომ ეკლესიის მეთაურს მართებდა განსაკუთრებული მოთმინების, სიბრძნის, მოწყალების და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა; ვმადლობთ უფალს, რომ მან აღამაღლა რჩეული ერისაგან თვისისა (იხ. ფს. 88, 20).

სიტყვაში, რომელიც თქვენ იმ ისტორიულ დღეს ამბიონიდან წარმოთქვით, აღნიშნეთ, რომ ქედს იხრით საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს თქვენი ძალა და გონება. მას შემდეგ 47 წელია, რაც თქვენ ღირსეულად ატარებთ პატრიარქობის უმძიმეს ჯვარს და მთელი ამ წლების განმავლობაში ქადაგებთ ,,სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავლით უფლისა იესუ ქრისტესთვის ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად“ (იხ. საქ. 28, 31).

„რომ ვუყურებ ჩემს წარსულს, ვხედავ, რომ იგი ყოველდღიური მოწამეობა იყო და დღესაც ასეა, რომ არა ღვთის მადლი და შემწეობა და თქვენი სიყვარული და თანადგომა, ამ ჯვრის ტვირთვას ვერ შევძლებდი”, – აღნიშნავთ თქვენ.

თქვენი მოწამებრივი მსახურება, რაზეც თქვენ ბრძანებთ, ჩვენთვის სულიერი ცხოვრების გზამკვლევია და თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია. ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი თქვენი მსახურება შთაგვაგონებს გავხდეთ უკეთესნი, გვაძლევს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მისი უმაღლესი ქმნილება, ადამიანი; როგორ თავდაუზოგავად უნდა ვემსახუროთ სამშობლოს და როგორ სათუთად უნდა ვუფრთხილდებოდეთ ადამიანები ერთმანეთს.

თქვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი მუდამ იყო მშვიდობისა და ერთსულოვნების დამყარება თქვენს სამწყსოში, რითაც ასრულებთ წმინდა პავლე მოციქულის მოწოდებას: „ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშვიდობისათა“ (ეფ. 4, 3). „ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს… მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა“, – ბრძანეთ თქვენ და გვჯერა, რომ თუ ჩვენ, თქვენი სამწყსო, თქვენი მსახურების მაგალითს გავითავისებთ, ისევე როგორც წარსულში, თქვენი ლოცვითა და სულიერი წინამძღოლობით, უფალი დღესაც შეგვაძლებინებს იმ რთული გამოწვევების გადალახვას, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამასთან, გვახსენდება თქვენი მანუგეშებელი სიტყვები:

„მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.“

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს, დიდი სიყვარულით მადლობას გიხდით თქვენი დიდი ღვაწლისთვის, მამობრივი ზრუნვისა და იმ დიდი ნუგეშისათვის, რომელიც ჩვენ გვმატებს სულიერ ძალას და შემართებას. ბედნიერია ქართველი ერი, რომელსაც ჰყავს თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი. შევთხოვთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა! თქვენი ლოცვით და წინამძღოლობით ღმერთმა ინებოს საქართველოს მშვიდობა და გამთლიანება! ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა და...

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა. ფილოსოფოსი გამოეხმაურა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსია, რომ ვეფხვის ბოკვერის ბედზე ის ხალხი ღელავს, ვინც რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია, ხოლო ქართველ ხალხს ღირსება წაართვა. "ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, პატიმრები აწამა, გააუპატიურა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა და რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ომი დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია და დახურა, ქართველ ხალხს ღირსება წაართვა და მონად გადაქცევა დაუპირა... როგორი პარადოქსია, რომ აი ეს ხალხი ღელავს დღეს ვეფხვის ბოკვერზე," - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არ ვართ და არც არასდროს ვყოფილვართ ბანანის რესპუბლიკა, დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს მოსკოვიდან ვერ გვიბედავდა ყველა

ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა, დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო არ არის და არასდროს ყოფილა ბანანის რესპუბლიკა. „ბევრს უნდა შიგნით თუ გარეთ, რომ ჩვენ წარმოგვადგინოს ბანანის რესპუბლიკად, სადაც ყოველ მეოთხე, მეხუთე თუ მეშვიდე წელს ხუნტები, პუტჩები და ა.შ. მართავენ გადატრიალებას და შემდეგ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა და არც არასდროს ვყოფილვართ. აი, საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით ბანანის რესპუბლიკა. ვიყავით მოწინავე ქვეყანა ბევრი რამის გამო, კულტურითაც ვიყავით და პოლიტიკურადაც ჩვენი რაღაც სათქმელი გვქონდა. დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს ყველა ვერ გვიბედავდა მოსკოვიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“. როდესაც ვლაპარაკობთ – როგორ შეიძლება, რამე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეო. რატომ არ უნდა ვთქვათ, როდესაც ადამიანი, ფაქტობრივად, ჩვენს სუვერენიტეტს აუქმებს. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და კადრულობს იმას, რომ დადგეს ოპოზიციის მიტინგზე. ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ასე რომ შეგილახავს სუვერენიტეტს, იქ უთხრა კი არა, ქმედებებიცაა განსახორციელებელი. ასე რომ, რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ნამდვილად იქნება შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ყველა მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. სხვათა შორის, საინტერესოა, ამ კითხვას გასცენ პასუხი, აპირებენ თუ არა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის რუსეთი მზად არის

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და მოსკოვი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჩაუღრმავდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „უკრაინაში ზავი არის გზა არცერთი მიმართულებით და მოსკოვი არ დაკმაყოფილდება დარეგულირებაზე ცარიელი საუბრით“. „ჩვენ გვჭირდება საბოლოო სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც დააფიქსირებს ყველა პირობას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი გზით დაადგენს ამ შეთანხმებების დარღვევის შეუძლებლობას. არავინ მალავს იმ ფაქტს, რომ ზავი საჭიროა იმისთვის, რომ დრო მოიპოვოს კიევის იარაღით მომარაგებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ეს არაერთხელ განვაცხადეთ, ვისაუბროთ დასავლელ ყველა წარმომადგენელთან, რომლებიც მოწოდებული არიან თანაბარი დიალოგისკენ, ინტერესთა ბალანსის ძიებაში, ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნას ისეთივე სამართლებრივი ძალა ექნება, როგორც მის მიერ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის დანიშვნას

ნიკა გვარამია უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის, გამოდის, ამბობს დიდ სისულელეს, რასაც მგონი, სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, ასე რომ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი, ტყუილად დავკარგავთ დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. პაპუაშვილის თქმით, ფაქტი მარტივია და სახეზეა, 29 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. „29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ერთობლივად იქნას აღმოფხვრილი. ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში, ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი წინ მიდის

სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ, ეს არის ნაწილი უბრალოდ ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღეს გარედან მართული პროცესები მიმდინარეობს. „ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც არ მოეწონა რაღაც, მაშინ მშვიდი ვითარება იყო, პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი. შემდეგ ვნახეთ, როგორ გადაეწყვნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, როგორ ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე, თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას. ასე რომ, ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საბაბით ცდილობდნენ, რომ საქართველოში განეხორციელებინათ. ერთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებენ ამ ყველაფერში, ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიოს. ამიტომ, ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენი შიდა, თუ გარე არაკეთილმოსურნეები და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან ზუსტად ქართულ საზოგადოებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები