ორშაბათი, ივნისი 30, 2025

მეუფე შიო მუჯირი – რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც

რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს…. რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ორი ათასი წელი გავიდა უფალ იესო ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ზოგიერთ გამონათქვამს დღესაც ძნელად იღებენ ადამიანები და ამის გამო ბრკოლდებიან.

დღეს წაკითხულ სახარებაში მაცხოვრის სწორედ ასეთი სიტყვები იყო მოტანილი. იგი ამბობს, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საჭმელზე, სასმელზე, ფულზე, ცივილიზაციისა და კულტურის იმ სიკეთეებზე, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა, რომლებსაც აღმერთებს ადამიანი და თაყვანს სცემს, როგორც კერპებს.

როგორ შეიძლება, არ ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე და ვემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს და ველის შროშანებს? როგორც მოისმინეთ, ზუსტად ამას ამბობს მაცხოვარი, მაგრამ იგი ამბობს: „პირველად იზრუნეთ ღვთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33).

დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის – ღვთის სიმართლე და სასუფეველზე ზრუნვა თუ მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტზე ზრუნვა? ჩვენი ცხოვრების უმეტესობას განა ეს საზრუნავები არ ავსებს? განა პირველად არ ზრუნავენ ადამიანები ხორციელ და მშვინვიერ სიამოვნებაზე, ვიდრე ღმერთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? და განა უფრო მეტად არ ზრუნავენ, როგორც გითხარით, კულტურისა და ცივილიზაციის სიკეთეების მოპოვებაზე, ვიდრე ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? შედეგად, ნახეთ, რას ვიღებთ: ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს. აქედან ვრწმუნდებით იესო ქრისტეს სიტყვების სისწორეში, რომ რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.

აი, დაუკვირდით, უფალი იესო ქრისტე არ ამბობს იმას, რომ ნუ მოიპოვებთ ამ მატერიალურ სიკეთეებს, ვინაიდან ხომ შეუძლებელია ცხოვრება საჭმლისა და ტანსაცმლის გარეშე? ამას არ ამბობს უფალი. არც ის უთქვამს, რომ არ იშრომოთ იმისთვის, რომ იქონიოთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის, არამედ ის ამბობს მხოლოდ ამას, რომ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ, რადგან ღმერთმა იცის, რა გჭირდებათ. შენ თუ პირველად ეძიებ მას – უფალს და სასუფეველს, ის მოგცემს იმ ყველაფერს, რაც საფუძველია შენი ცხოვრებისა (მატერიალურ საფუძველს ვგულისხმობ). ამას აუცილებლად მოგცემს. ამას ამბობს უფალი.

მაცხოვრის ამ გამონათქვამში დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. ე.ი. ადამიანის შესახებ მაცხოვრის ქადაგების მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვეძიოთ პირველად ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ და თაყვანი არ უნდა ვცეთ პირველ რიგში იმას, რასაც ვეთაყვანებით. რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა – პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში. შესაბამისად, იზრდება უკმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს შეძლებული ადამიანებიც, თუ არ ცხოვრობენ სულიერად, არიან უკმაყოფილონი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა პირობა აქვთ ცხოვრებისთვის, მაინც უკმაყოფილონი არიან. რატომ ემართებათ ეს? იმიტომ, რომ მათი სულია უკმაყოფილო, სული არ არის დანაყრებული, სულს არ ეძლევა საზრდო, რადგან ადამიანი არ ფიქრობს ღმერთსა და მის სიმართლეზე. უფალმა კი გვითხრა, რომ თუ პირველად ეძიებთ სასუფეველს, იქნებით კმაყოფილიც, დანაყრებულიც, გექნებათ სიხარული და ბედნიერება.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაშასადამე, ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი თავად ჩვენშია, იმიტომ, რომ, მიუხედავად მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა, ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, რადგან სულიერად არ უმჯობესდება, სულიერად არ ხდება უკეთესი და, შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რას დაემსგავსა ცხოვრება თანამედროვე სამყაროში.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად უნდა ვიხსენებდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს უფლის გამონათქვამი, რომელიც დღეს წავიკითხეთ სახარებაში: „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მის სიმართლეს და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ“, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ამასთან, მეუფემ აბიტურიენტები დალოცა.

„დღეს ჩვენთან არიან მოსული ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები. ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, მთელი გულით დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი განათლების სარბიელს. გახსოვდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა – ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები ღვთის წყალობით“, – აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გელა დაიაურის განცხადება ინციდენტის შემდეგ: „მთის კაცს სირცხვილად მიაჩნდა სიმთვრალე — ნუ მოდიხართ, თუ ვერ აფასებთ საღამოს მნიშვნელობას“

თბილისში ღონისძიება „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართა, რომელიც პოეტ გელა დაიაურის ხელმძღვანელობით, უკვე მესამე წელია ტარდება.სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით გელა დაიაური სპონსორებს მადლობას უხდის და ინციდენტის შესახებ წერს, რომელსაც გუშინდელ საღამოზე ჰქონდა ადგილი.„ვერ მოვითმენ და ალბათ აუცილებელია ვთქვა რამდენიმე სიტყვა წუხანდელი საღამოს," მთის საჩუქარი ბარს", ინციდენტების შესახებ და მათ გასაგონად , ვინც ამ საღამოს კულისებს მიღმა ღრეობდა და ჩხუბობდა.იმედია, წაიკითხავენ ან გადასცემენ ახლობლები.ხევსურ კაცს სიმთვრალე რომ შესტყობოდა, სირცხვილი იყო, სირცხვილი იყო აცეტება და წარაუგონთ საუბარი... მოვდივართ ბარში და რას ვაჩვენებთ ბარელებს? ვღრეობთ გალეშვამდე და მერე ვჩხუბობთ.... სად ისწავლეთ, ვინ დაგარიგათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ.ამ ხმაურის და ინციდენტის გამო, შეიძლება, მომავალ წელს უარი გვითხრას მერიამ და ეს საღამო აღარასდროს ჩატარდეს...მაპატიოს, იმ ნორმალურმა ნაწილმა, ვინც მოდის, ბოლომდე გულისყურით უსმენს მონაწილეებს და მაქსიმალურად ყურადღებით არიან საღამოს განმავლობაში... მათ დიდი მადლობა...კიდევ ერთხელ ვიმეორებ,-მთის კაცი სიმთვრალეს არ დაიტყობდა, სირცხვილი იყო... მთის კაცი არ ცანცარებდა, უპატიურ სიტყვას არ იტყოდა და პირუტყვივით არ ღრიალებდა...თუ ჩატარდა ეს საღამო კიდევ, ასეთ ადამიანებს ვთხოვ, ნუ მოვლენ ამ საღამოზე... არ გიცნობთ , არ მიცნობთ!!!მაპატიეთ, მაგრამ რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა... წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი...P.S სირცხვილია..“,- წერს გელა დაიაური.

გიგი უგულავა – სალომე ზურაბიშვილი ერთობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.„სალომე ზურაბიშვილი ერთობა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის წმინდა გიორგის სახელობის (კარის) ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ონოფრე (წულაძე) გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.„ამა წლის 27 ივნისს გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის (კარის) ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ონოფრე (წულაძე).არქიმანდრიტი ონოფრე დაიკრძალება სამშაბათს, 1-ელ ივლისს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ ონოფრეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი ონოფრე,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

რა ინფორმაციას ავრცელებს დონალდ ტრამპი „ტიკტოკის“ აპლიკაციის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტიკტოკის“ აპლიკაციის ყიდვის მსურველი იპოვა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.როგორც ტრამპი განმარტავს, აპლიკაციის შეძენის სურვილი „ძალიან მდიდარი ადამიანების“ ჯგუფს აქვს, რომელთა შესახებაც დეტალურად დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ისაუბრებს.„სხვათა შორის „ტიკტოკისთვის“ მყიდველი გვყავს. ვფიქრობ, ალბათ ჩინეთის ნებართვა დამჭირდება და ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ალბათ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან,  დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და კანადის შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერდება „იმ დრომდე, ვიდრე ისინი გარკვეულ გადასახადებს არ გააუქმებენ“. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რთულია კანადასთან შეთანხმების მიღწევა.

გედევან ფოფხაძე – შიმშილობაზე უფრო ეფექტური არის საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა, შიმშილობა იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები

შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელმაც გუშინ შიმშილობა დაიწყო.ფოფხაძის თქმით, შიმშილობას ნამდვილად სჯობს ერთიანი ფრონტით ბრძოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს შეთანხმება ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე.გედევან ფოფხაძის განმარტებით, უნდა მოხდეს ოპოზიციაში შეთანხმება, რის გარშემო ერთიანდებიან, ამ ერთობის პრინციპები რა არის და ასეთ შემთხვევაში, ერთობას ექნება სასურველი პოლიტიკური შედეგი.„ქალბატონ სალომეს ჩვენგან განსხვავებული არაფერი უთქვამს. ჩვენ ვთქვით, რომ შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის მთელი პოლიტიკური და სახალხო საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, თორემ ის, რომ შიმშილობას სჯობია ერთიანობა და ერთი ფრონტით რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ, უნდა დავამთავროთ მაშინ საუბარი რაღაცა ტაქტიკურ თემებზე. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთ მუშტად ვიკვრებით, ბრძოლა არის უკომპრომისო, რეჟიმთან არ ვთანამშრომლობთ არანაირი ფორმით, ამ ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე შევთანხმდეთ, ისეთზე, რაც მართლა შეაჯანჯღარებს რეჟიმს. ის კი არ იქნება, რიმ პოლიციელები მოვლენ და უბრალოდ ჩვენს ყურებას დაიწყებენ, არამედ შეეშინდება რეჟიმს იმისი, რასაც ვაკეთებთ პროტესტის თვალსაზრისით, რადგან ემპათია მათ არ აქვთ. ძალიან კარგად მესმის, რომ რამდენი მოშიმშილეც არ უნდა იყოს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეჟიმის ემპათიას არ გამოიწვევს და არც არაფერს დათმობენ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა“.

ბოლო სიახლეები