ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

მეუფე შიო მუჯირი – მტკიცე რწმენით და სიმდაბლით თუ მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას, განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს

რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს… თუ მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამესამე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ორი სასწაული, თუ როგორ განკურნა მან სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ვერანაირი ადამიანური საშუალებებით ვეღარ კურნავდნენ და მკვდრეთით აღადგინა ახალგაზრდა გოგონა მისი მშობლების დიდი მწუხარების და ლოცვების საპასუხოდ.

ეს სისხლმდინარე ქალი მივიდა უფალთან და მისი სამოსლის კალთას შეეხო. უფალმა მას უთხრა: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48). უფლის ეს სიტყვები განეკუთვნება არა მხოლოდ ამ დედაკაცს, ამ ქალს, არამედ შეიძლება ეხებოდეს ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს სისხლმდინარე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ამიტომ ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ამ ცხოვრებაში მიიღო სულიერი ჭრილობები, ვინც მიისწრაფვის საღვთო მკურნალისკენ – ქრისტესკენ და სურს, მისი სამოსლის კალთას შეეხოს.

დავფიქრდეთ, განა არა ვართ ასეთი სულიერად სისხლმდინარენი? განა არ არის ჩვენი სულიც სავსე ცოდვებით, რაც არის სულიერი სნეულება, ამ სნეულებებით?

საერთოდ, ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი სცოდავს, ყველას აქვს ეს ცოდვები და სნეულებები, ამას გვასწავლიან წმინდა მოციქულები. აი, მაგალითად, იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, ამბობს: „ჩვენ, ყველანი, ბევრს ვცოდავთ“ (იაკ. 3, 2). ასევე წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ „თუ ვამბობთ, რომ ცოდვა არა გვაქვს, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“ (I ინ. 1, 8 ). კარგია, როცა ვხედავთ ამ ცოდვებს, მაგრამ ბევრ მათგანს ხომ ვერც ვხედავთ, ანუ ნაწილს ვხედავთ, ნაწილს – ვერა. რატომ? ისე ვართ შეზრდილნი ამ ცოდვასთან, რომ უკვე ვეღარც ვასხვავებთ, სად არის ჩვენი სული და სად არის ცოდვა; მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან. ისინი საერთოდ ვერ გრძნობენ, საერთოდ ვერ ხედავენ ვერანაირ ცოდვას თავიანთ სულში. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს.

როგორ ვლინდება ეს? – ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს; ამბობს, რომ არ აქვს ცოდვა, არ სცოდავს. ალბათ არაერთი მოძღვარი დამეთანხმება, რომ ჩვენს სამოძღვრო პრაქტიკაში გვქონია შეხვედრები ასეთ ადამიანებთან. საოცარია, რომ აღსარებაზეც კი ყოფილან ასეთები ან მათთან მიუყვანიათ მღვდელი და უთქვამთ: „მე არაფერს ისეთს არ ვცოდავ“ ან „მე წესიერი ადამიანი ვარ, ცოდვები არ მაქვს“ და ა. შ.

რას ნიშნავს ეს? – ადამიანს სული პარალიზებული აქვს, როგორც დამბლადაცემული ადამიანი ვეღარ გრძნობს ფიზიკურ ტკივილს, ასე არის ესეც: ადამიანს სული მკვდარი აქვს და ვეღარ გრძნობს ამ თავის სნეულებას და ცოდვას. ასეთი ადამიანის გაცოცხლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა და მადლი სჭირდება.

უფალ იესო ქრისტეს გარშემო იყო ხალხმრავლობა და ამ სისხლმდინარე ქალს ეგონა, რომ ამიტომ შეუმჩნეველი დარჩებოდა მისი სნეულებაც, ქრისტეს შეხებაც, რადგან რჯულით აკრძალული იყო ასეთ მდგომარეობაში ის, რაც მან გააკეთა. უეცრად ესმის მაცხოვრის სიტყვები: „ვინ შემეხო მე?“ (ლკ. 8, 45). წარმოიდგინეთ ამ ქალის მღელვარება, მას ეგონა, რომ ახლა ყველაფერი გამჟღავნდებოდა და მას მოელოდა სასჯელი. ამიტომ დაიჩოქა ქრისტეს წინაშე და ყველაფერი უამბო. უფალმა კი უთხრა: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48).

აი, რა ძალა აქვს, ძვირფასო ძმებო და დებო, ცოცხალ რწმენას და ასეთი რწმენით ქრისტესთან მიახლებას.

იქვე იყო იაიროსი, სინაგოგის წინამძღვარი, რომელსაც შვილი უკვდებოდა. მან დაუჩოქა მაცხოვარს და სთხოვა, მასთან სახლში მისულიყო და გოგონა განეკურნა. ამ დროს მოდიან მისი მსახურები და ეტყვიან, რომ გოგონა გარდაიცვალა და არ ღირს მოძღვრის შეწუხება. უფალმა რომ დაინახა მისი დიდი მწუხარება, უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება შენი შვილი“ (ლკ. 8, 50). აი, როგორი საოცარი სიტყვებია! რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს.

მაშასადამე, ძვირფასო ძმებო და დებო, სახარების ეს ეპიზოდი გვასწავლის, რომ ღვთის მადლით შესაძლებელია ჩვენი განკურნებაც და მკვდრეთით აღდგომაც, თუ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია.

და კიდევ: ეს დედაკაციც და იაიროსიც მიდიან მაცხოვართან და უჩოქებენ მას. ეს ნიშნავს, რომ დიდი სიმდაბლითა და დიდი რწმენით ევედრებოდნენ უფალს. ესეც მაგალითია ჩვენთვის, რომ თუ ჩვენც ასეთი მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს, რამეთუ ის არის მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა და მხოლოდ მას შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას…“ – მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ინტერვიუს შემდეგ მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს.,,მოგესალმებით,დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი და ვის სიამოვნებს თავის მართლება?! მაგრამ ისე გამოვიდა იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას და მათ, ვინც ნებით თუ უნებლიედ შეცდომაშია შესული.ჩემი ძმის და მეგობრის მერაბ შარიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი უკონტექსტოდ ფიგურირებს სოციალურ ქსელში. მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს!გთხოვთ, გადაუმოწმებლად ნუ მომიხსენიებთ, მით უმეტეს ცუდ კონტექსტში!წარმატებებს ვუსურვებ მერაბს ახალ წამოწყებაში! ის თავის სიტყვას იტყვის!“, – წერს ლაშა ლომიძე.

ირაკლი ნადარეიშვილი – „იგლ ჰილსი“ განახორციელებს ბიზნესის მართვას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, კომპანია „იგლ ჰილსთან“ მოლაპარაკებები ცხრა თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ეს იყო საკმაოდ რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მოლაპარაკებების ნაწილში პროექტს მხარდაჭერას უწევდა ძალიან ძლიერი საერთაშორისო იურიდიული კომპანია.„ვფიქრობ, ასეთი მოდელი, სადაც სახელმწიფო არის პროექტის პარტნიორი,  ძალიან  საინტერესო შეიძლება იყოს მომავალშიც სხვადასხვა,  მათ შორის, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტებისთვის,  სადაც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა – ეს ადგმევინებს მას გარკვეულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.პროექტებში სახელმწიფოს პასიური პარტნიორობის წარმატებულ მაგალითად მინისტრის მოადგილემ დაასახელა დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში შემოყვანილი,  რეგიონში პირველი ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რაც მანამდე საკმაოდ რთული და წარმოუდგენელი იყო. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ პროექტშიც   მონაწილეობს სახელმწიფო, როგორც პასიური ინვესტორი და მისმა მონაწილეობამ განაპირობა სწორედ ის,  რომ დანარჩენი ინვესტორები არიან სრულად კერძო სექტორიდან, მათ შორის, ძალიან მაღალი კლასის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია, ამერიკული აქტივების მმართველი, რომელიც ტოპ-ხუთეულში შედის.„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში და ასე შემდეგ, არის ნამდვილად ღიმილისმომგვრელი. „იგლ ჰილსის“ შემთხვევაშიც, ბიზნესის მართვას, რა თქმა უნდა, განახორციელებს თავად კომპანია,  ეს მათი პრეროგატივაა და მათი ცოდნის საფუძველი, თუმცა, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ყველა დონეზე – მაგალითად, სამეთვალყურეო საბჭოში, მმართველობითი მენეჯმენტის რგოლში, მაგრამ პასიური ფორმით. ამავე დროს, ჩვენ უზრუნველვყავით ისიც, რომ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით  ანუ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ნაპოლეონის გულსაბნევი აუქციონზე 4,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნაპოლეონ ბონაპარტის გულსაბნევი, რომელიც იმპერატორმა ვატერლოოს ბრძოლის დროს დაკარგა, ჟენევაში, Sotheby's-ს აუქციონზე Royal & Noble Jewels $4.4 მილიონად გაიყიდა.ნაპოლეონი გულსაბნევით თავის ორკაპიან ქუდს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამშვენებდა. იუველირული ნაკეთობა ინკრუსტირებულია 13-კარატიანი ოვალური ბრილიანტით, რომელიც გარშემორტყმულია თითქმის 100 სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბრილიანტის ორი რიგით.კოლექციონერმა, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, გულსაბნევში მის საწყის ფასზე 30-ჯერ მეტი გადაიხადა. თავდაპირველად სამკაულის ღირებულება $150–250 ათასად იყო შეფასებული.

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ამერიკის გრანპრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ამერიკის გრანპრიზე საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.ბერულავა-მეტელკინას დუეტმა მოკლე პროგრამაში 78.83 ქულა დააგროვა, თავისუფალ პროგრამაში კი – 116.90. ჯამში, 195.73 ქულით მათ შეჯიბრებაზე მეორე ადგილი დაიკავეს.ამერიკის გრანპრი ქალაქ ნიუ იორკში ტარდება.

ირაკლი კობახიძე – სრულად დავიცავთ საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს, მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს

ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო განაშენიანების გენერალური გეგმა გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დამტკიცდება.„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა, უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თუ რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით.მინდა, შეგახსენოთ სამი წლის წინ გაშლილი ყალბი ქსენოფობიური კამპანია საქართველოს „რუსიფიკაციისა“ და ეროვნული უსაფრთხოების შერყევის შესახებ. მაშინ მოსახლეობას ვუთხარით, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და დავპირდით, რომ არც საქართველოს „რუსიფიკაცია“ მოხდებოდა და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. დღეს, სამი წლის თავზე, ყველა ხედავს, რომ უცხოელი აგენტების ყალბ შფოთვას, რომლითაც მათ მაშინ საკმაოდ ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე შეიყვანეს შეცდომაში, სინამდვილეში არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ხელისუფლებამ თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა.დღესაც ზუსტად იმავეს ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები