პარასკევი, აპრილი 10, 2026

მეუფე შიო მუჯირი – ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ყველაფერი, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისა და ფერისცვალებისთვის

გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისთვის, ფერისცვალებისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ქადაგებისას ისაუბრა, რას ნიშნავს ევქარისტია.

„ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას. მადლიერების მსხვერპლი დააწესა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვექცეოდეთ ერთმანეთს. რატომ ჰქვია ამ ლოცვით შეკრებას სერობა, თანაც საიდუმლო, ვინაიდან უფალმა ეს მსახურება აღასრულა, როდესაც შეკრიბა თავისი მოწაფეები ებრაელთა პასექის სერობის შესასრულებლად. ყველაფერი აღასრულა ისე, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში სრულდებოდა, მაგრამ ერთი მთავარი განსხვავებით, მან განტეხა პური, აიღო სასმისი და თქვა, ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა. აიღო სასმისი და თქვა, ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმის, ამას ჰყოფდეთ ჩემს მოსახსენებლად. ევქარისტიის შესახებ იგი სხვაგან ასევე ამბობს, რომ ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე – მასში. აი, საიდან იღებს დასაბამს ევქარისტიის საიდუმლო. იმ ლოცვებს, რომლებსაც დღესაც ვკითხულობთ ლიტურგიაზე, ევქარისტიული ლოცვები ეწოდება, რადგან, ვიმეორებ, ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას, ევქარისტიული – სამადლობელ ლოცვებს, მადლობის, მადლიერების ლოცვებს.

ევქარისტია მოდის უფლისგან, პირველი საუკუნიდან, მაგრამ ის თანდათან ყალიბდებოდა და საბოლოო სახე მიიღო მეოთხე საუკუნეში. ჩვენ ზუსტად იმავე სახით აღვასრულებთ წმინდა ლიტურგიას და ლიტურგიული მსახურების ცენტრში არის ღვთისადმი მადლიერება, უფალ იესო ქრისტეს გახსენება, როგორც მან გვიანდერძა. ებრაელები თუ იხსენებდნენ ეგვიპტედან გამოსვლას, მონობიდან განთავისუფლებას, ჩვენ საიდუმლო სერობაზე, ანუ ევქარისტიის საიდუმლოში ვიხსენებთ უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებას, მის ვნებებს, ჯვარცმას, სიკვდილს და აღდგომას. იმ ყველაფერს, რაც მან გვიანდერძა, რაც მოიტანა ღმერთმა დედამიწაზე ჩვენს საცხონებლად. ამ მსახურების ცენტრში არის მადლიერება, ასევე ლოცვები, რომლებსაც ევქარისტიული ეწოდება. ასევე ამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი არის პურისა და ღვინის ზეამაღლება, სულიწმინდისადმი ლოცვა გარდამოვლენის შესახებ და ლოცვა იმაზე, რომ პური და ღვინო გარდაიქმნას ქრისტეს სისხლად და ხორცად. მაშასადამე, ევქარისტიის დროს სრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში, რომ ქრისტე არს ჩვენ შორის, როგორც ამბობს ის სახარებაში, რომ ორი ან სამი თუ შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის.

ევქარისტიის საიდუმლოს ასევე ეწოდება წმინდა ზიარების საიდუმლოება, რადგან ამ დროს სრულდება ყველაზე მჭიდრო კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის, უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. იმ ადამიანს შორის, რომელიც სათანადოდ ცხოვრობს და მართებული, სულიერი განწყობით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამ დროს ჩვენ ვუერთდებით უფალ იესო ქრისტეს და წილმქონენი ვხდებით მისი სხეულის, მისი ღვთაების, თანამესხეულენი ვხდებით უფალი იესო ქრისტესი. არა მხოლოდ მისი თანამესხეულენი ვხდებით, არამედ ერთიმეორეს ვეზიარებით, რამეთუ ერთი პურიდან ვიღებთ ზიარებას. აი, რატომ ჰქვია, მეორე მხრივ, ზიარება. როგორი საოცარი რამ ხდება, აი, რატომ ეწოდება ამას საიდუმლოება.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლობა და დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც ღვთის მადლით, ძალით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონების, ფერისცვალებისთვის. მივიღოთ ეს ყველაფერი, ეს წყალობა და მადლი საიმისოდ, რომ, მთესველის შესახებ სახარებისეულ იგავში როგორც წერია, ჩვენი გული არ იყოს ქვიანი ნიადაგი, ეკლიანი ან გზის პირას მდებარე, არამედ კეთილი ნიადაგი, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენს გულში კეთილი ნაყოფი გამოიღოს ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენ გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუნდაძე ოპოზიციაზე: კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა

კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.მისივე თქმით, ოპოზიციური ალიანსი საკუთარ პერსპექტივას სწორედ აღნიშნულში ხედავს.„საქართველოს არ აქვს არც რესურსი და არც უფლება გლობალურ კონფლიქტებში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს ჰქონდა ასეთი როლი მინიჭებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, მაგრამ საქართველოს ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, მისი მასშტაბიდან, მისი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს არც რესურსი და არც უფლება მიიღოს მონაწილეობა გლობალურ კონფლიქტებში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო

კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო წარმატებით უმკლავდება იმ დიდ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას.„ვხედავთ, რომ კონფლიქტები არ ნელდება. ძალიან დიდი შანსია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს და ასეთი შესაძლო რეალობის მომსწრე ვიყავით სულ რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად ზღვარზე იყო, რომ რეალურად ჩამოყალიბებულიყო მესამე მსოფლიო ბირთვულ ომად. ორი კვირით ეს პროცესი გადაიდო, მაგრამ რით გაგრძელდება?! არაპროგნოზირებადია ასეთ ვითარებაში მსოფლიო პოლიტიკა, მით უმეტეს ჩვენი რეგიონი.ამიტომ საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. იმიტომ, რომ დღეს თუ ერთი ქმედებაა მომგებიანი, შესაძლოა ხვალ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს ამას და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო.მშვიდობის ფასი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ორი კონფლიქტია და ერთ კონფლიქტთან გვაშორებს მხოლოდ შავი ზღვა - უკრაინას ვგულისხმობ და ახლო აღმოსავლეთთანაც მხოლოდ ერთი ქვეყანა.ამიერკავკასიაშიც საკმაოდ საყურადღებო ვითარებაა. ჩრდილოეთ მეზობელიც არის დიდ გლობალურ საომარ თამაშებში ჩართული და ასევე მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო არის „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ მან აქცენტი უნდა გააკეთოს მშვიდობაზე, ეკონომიკაზე და ამით შეინარჩუნებს ამიერკავკასიაში დომინანტის ფუნქციას.

რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა.სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა – ბერძნული მედია

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა.ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანში საომარი მოქმედებების დასრულების გათვალისწინებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის სარდლობამ ახალი მითითებები გამოსცა, რომელთა მიხედვით, იერუსალიმში მდებარე ყველა წმინდა ადგილი მნახველებისთვის გაიღება.მედიის ინფორმაციით, მომლოცველებისთვის გაიღება, როგორც მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ისე ტაძრის მთა და გოდების კედელი.პოლიცია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეულობით პოლიციელი იერუსალიმში განლაგდება, რათა ძირითადი გზები და ძველი ქალაქი დაიცვას.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა – „ვფიქრობ, ჩვენ უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.ტრამპის თქმით, ცეცხლის მყიფე შეწყვეტის ფონზე ნეთანიაჰუს სთხოვა, ლიბანთან დაკავშირებით „უფრო თავშეკავებული“ ყოფილიყო.„მე ვესაუბრე ბიბის და ის ამას თავშეკავებულად გააკეთებს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ისრაელელები ლიბანში ოპერაციებს ამცირებენ.ამასთან, ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ. მისი თქმით, ირანის ლიდერები კერძო საუბრებში უფრო მოქნილები ჩანან.„ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან. თანხმდებიან ყველაფერზე, რაზეც უნდა დათანხმდნენ. გახსოვდეთ, ისინი დამარცხებულები არიან, მათ სამხედრო ძალა აღარ ჰყავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები