დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს – 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.
მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.
მიტროპოლიტმა ქართველი ერისადმი სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.
„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი, ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას, ქრისტეს აზიარა. ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, გაღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა. საქართველში მართლმადიდებლობის ისტორია ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი შედეგია უაღრესად მყარი საფუძველი, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში“, – ნათქვამია კომისიის მიმართვაში.
სპეციალური კომისიის მიმართვის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა.
„ღვთის განგებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის და ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების – წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, რომელიც წელს, 2025 წლის 8 თებერვალს შესრულდა და წმინდა ქეთევან დედოფლის მწამებლური აღსასრულიდან 400 წლისთავი, რომელიც 2024 წლის 26 სექტემბერს აღინიშნა.
საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენენ ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს – სულიერი სრულყოფისკენ ერის დაუცხრომელ სწრაფვასა და ღვთისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს. ამ საღვთო თვისებების წყალობით გამუდმებით ყოფნა/არყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში.
შარშან, 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ. მის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისთვის ზრუნვა“.
დღეს ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული.
საიუბილეო თარიღების აღნიშვნა საუკეთესო საშუალებაა სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს. იმისთვის, რომ საიუბილეო დღეებმა მთელი სახელმწიფო მოიცვას, პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში.
საიუბილეო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გვმართებს სარწმუნოებრივ-ეროვნული ღირებულებების და თვითმყოფადობის სავსე გაცნობიერება და მათზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა. ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანა. შეგვეწიოს უფალი, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი განმტკიცებისა და ღირსეული აწმყოსი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა“, – ნათქვამია სპეციალური კომისიის მიმართვაში.