დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დიდგორობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, დიდგორის ბრძოლა არის იმის მაგალითი, რომ ერი როდესაც ერთიანია, ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ და მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას – დიდგორის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ გამარჯვებას, რომელიც უკავშირდება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და სახელს.
შეგახსენებთ ასევე, რომ წელს აღინიშნა ამ დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი, შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.
დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი; და მაგალითი იმისა, რომ როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ღვთის დიდი შეწევნა მოდის მაშინ, როდესაც ადამიანური ძალებით კეთდება ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია.
ამიტომაც მემატიანე აღნიშნავს, რომ დიდგორის ბრძოლა „ესე იყო ძლევაი საკვირველი, რომელიც ქმნა ღმერთმან წმიდითა დავითითა მეფითა…“.
აი, სწორედ ღმერთზე მინდობით, ღვთის შეწევნით აღასრულა დავითმა თავისი დიდი ღვაწლი და იმიტომაც შეაძლებინა მას უფალმა ეს „ძლევაი საკვირველი“, აქცია „მესიის მახვილად“ და ყოველი ქართველისთვის საამაყო, საყვარელ და სამაგალითო ადამიანად.
მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს აღმავლობა, ეს დიდგორი არ დამდგარა ერთბაშად, ამას წინ უძღოდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან. მან თავისი ბრძნული მმართველობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიის გაძლიერებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, ააღორძინა და სრულყო საქართველო, როგორც ძლიერი, ძლევამოსილი ქრისტიანული ქვეყანა.
მან, როგორც წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის მიერ აღზრდილმა და განსწავლულმა, იზრუნა ასევე განათლებისა და მეცნიერების კერების დაარსებისთვის როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი ასეთი უდიდესი კერა გახლდათ მის მიერ აშენებულ გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემია, „მეორე იერუსალემად“ და „სხუად ათინად“ წოდებული.
ამ ბრძენმა მეფემ გვაჩვენა მაგალითი, რომ მხოლოდ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება და კულტურა შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.
დღეს ჩვენ, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მრავალგვარი ახალი გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყანა ვართ და ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს დავითის გზის მოაზრება და შენარჩუნება; გვმართებს, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებიც დავითმა უთხრა ქართველ მეომრებს დიდგორის ბრძოლის წინ: „აღვაპყროთ ხელნი ჩვენნი უფლისა მიმართ და დავდოთ სიტყვა, რომ უმალ დავეცემით ბრძოლის ველზე, ვიდრე დავიხევთ უკან!“
ამ შემართებით უნდა ვიცავდეთ ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ტრადიციულ ქრისტიანულ ცხოვრების წესს.
როგორც ამბობს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, „ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენ უნდა ვიცავდეთ ჩვენ წილ საქართველოს ჩვენშიც და ჩვენ გარშემოც. ეს არის ჩვენი დიდგორი დღეს“.
ამრიგად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვიხსენებთ დიდგორის ბრძოლას არა, როგორც წარსულში მომხდარ დიდ გამარჯვებას, არამედ ასევე, როგორც მოწოდებას და დიდ იმედს ჩვენი გამარჯვებისა.
აქ ისევ მინდა, მოვიტანო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები, რომლებიც ასევე გაიხსენეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ „დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ის არ დამთავრებულა“; ის გრძელდება, ვიდრე ჩვენ ვარსებობთ. „ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში მუდამ იყოს დიდგორის გამარჯვება“.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს – დიდგორობას. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ლოცვით და შემწეობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ; წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიოს სიტყვა სპატრიარქოს უწყებანის გვერდზე გავრცელდა.