მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ქადაგებისას მეუფე შიომ განაცხადა, რომ საჭიროა, ყველამ მაგალითად დაისახოს იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ავტოკეფალიის აღდგენისთვის.
„გვმართებს, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში. ავტოკეფალია არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა V საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით და ძალისხმევით. ეს მოვლენა იქცა საფუძვლად და მამოძრავებლად მთელი ჩვენი ქრისტიანული კულტურისა, მწიგნობრობისა და მსოფლმხედველობისა. დღეს ჩვენ გადავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და ვმადლობთ უფალს ამ დიდი მადლისა და წყალობისთვის. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია განუწყვეტლად გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის უკანონო ბრძანებით გააუქმეს ჩვენი ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II გაიწვიეს საქართველოდან, რაც, ფაქტობრივად, გადასახლებას ნიშნავდა და საქართველოს ეკლესიის მმართველობა ჩააბარეს რუსეთიდან მოვლენილ საგანგებო პიროვნებას – ეგზარქოსს.
ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის ეს უმძიმესი ვითარება 106 წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდს ასე ახასიათებს წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. მინდა, წაგიკითხოთ ამონარიდები მისი ქადაგებიდან და წერილებიდან: დიდი რუსეთის ეკლესიის თავი ვერ მიუდგა პატარა საქართველოს ეკლესიის სხეულს. მან მოაშორა საქართველოს „სულის ხელმწიფე“, ჩაუკეტა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ნავთსაყუდელი და წმინდა ნინოს ეკლესია გადააქცია „მართლმადიდებელი აღსარების უწყების“ განყოფილებად“. „ჩვენი ენის, ზნე-ჩვეულებების და წარსულის უცოდინარი სინოდის ეგზარქოსები საქართველოს ეკლესიას მართავდნენ „ბრძანებითა მისი უდიდებულესობისაითა“ და არა სჯულის კანონის და საქართველოს ეკლესიის კრებათა ხელმძღვანელობით, ხოლო ადგილობრივნი … ეპისკოპოზნი და მღვდელნი ახალი მდგომარეობით ხელფეხშეკრულნი ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, „მართლისა დამტკიცებას და გულარძნილისა განხდას“. ასეთი მძიმე ვითარება გრძელდებოდა 1917 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს წინაპრებს არ დაუკარგავთ იმედი და არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მათი ეს ძალისხმევა საბოლოოდ წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენმა იერარქიამ, სამღვდელოებამ ისარგებლა რუსეთში მომხდარი 1917 წლის თებერვლის რევოლუციის მოვლენებით და იმავე წლის 12 მარტს (ძველი სტილით), სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღვლენილი წირვისა და პარაკლისის შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა.
ეს იყო ზეიმი და სიხარული მთელი ერისთვის, ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელსაც სულ მალე მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალისხმევით, 1990 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, რაც გამოიხატა საგანგებო სიგელების გადმოცემით. მაშინ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბრძანა, რომ ამ საბუთებს ქართველი ერი 1500 წლის განმავლობაში ელოდა, ეს იმდენად დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებია, რომ ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს, ხელყოს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. ამისთვის გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის, პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს: კირიონს, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, რომლებიც ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ, და ჩვენს სხვა დიდ პატრიარქებს, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს და ჩვენს სხვა სასიქადულო სასულიერო და საერო პირებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირა დიდ მარხვაში ეძღვნება ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.