კვირა, მარტი 1, 2026

მეუფე შიო – დიდი მარხვა სინანულის დროა, სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს სიკეთეს, სწამს სიკეთის, გრძნობს და უყვარს

ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, „ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების“ და „ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ“ ქრისტეს ეკლესიისა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.

მიტროპოლიტმა მარხვის არსზე ისაუბრა, მისი თქმით, დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს სიკეთეს, სწამს სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმს.

„ეს დღე ეძღვნება მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო დამტკიცებას, საბოლოო გამარჯვებას ეკლესიაში, რომელიც მოხდა მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, 787 წელს. ამ კრების მამებს პასუხი უნდა გაეცათ ურთულეს შეკითხვაზე, რომელიც აწუხებდა იმჟამინდელ რელიგიურ სინდისს: შეიძლება თუ არა უხილავი ღმერთი გამოისახოს საღებავებით ან სხვა საშუალებებით? და აი, კრების მამებმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხეს: დიახ, შეიძლება, რადგან მოხდა ღმერთის განკაცება, ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, „ხატი მონისა მიიღო“ (ფილ. 2, 7), – როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, – „და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი“ (ფილ. 2,7).

ღმერთი თავისი ბუნებით და არსით მიუწვდომელია, უხილავია და, რა თქმა უნდა, მისი გამოსახვაც შეუძლებელია, როგორც ამბობს წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი არავის არასდროს უხილავს“ (ინ. 1, 18), მაგრამ იქვე დასძენს: „მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან განაცხადა“ (ინ. 1, 18). ე. ი. განკაცებით მოხდა ღვთაების გაცხადება ქრისტეში და უხილავი ღმერთი ჩვენი გრძნობითი აღქმისთვის მისაწვდომი გახდა. ამდენად, რომ განკაცდა ღმერთი, ეს მოხდა და შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

ამდენად, ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს. აი, ამას გვახარებს დღეს წმინდა ეკლესია, ამას გვაუწყებს, ამას გვახსენებ – ღმერთის და ადამიანის სიახლოვეს, იმ სიკეთეს, დიდებას, იმ სინათლეს, რომელიც არის ჩვენში ჩადებული, როგორც ჩვენი წარუშლელი და შინაგანი ბუნება, საფუძველი ჩვენი არსისა.

ის, რომ წმინდა ეკლესია ამას გვახსენებს სწორედ დიდი მარხვის პირველ კვირას, ესეც ნიშანდობლივია, ვინაიდან დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს ამ სიკეთეს, სწამს ამ სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს. ადამიანში მარტო ცოდვების და არარაობის დანახვა აზიანებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ამ კეთილი მხარის დანახვის გარეშე. აზიანებს თუნდაც იმიტომ, რომ მიჰყავს ადამიანი მოწყინებამდე, სევდამდე, სასოწარკვეთილებამდე და პარალიზებას ახდენს ღვთისგან ბოძებული საოცარი ნიჭისა, რაც არის ჩვენი შემოქმედებითი ძალები.

აი, ამიტომ დიდმარხვაში, როდესაც უფრო მძაფრად განვიცდით ჩვენს დაცემულობას, ამ მოწყინებაში ჩავარდნის საშიშროებაც უფრო მეტია. ამიტომ წმინდა ეკლესია გვიცავს ამ შეხსენებებით და მინიშნებებით, მოწმობს რა, ღვთის გამოსახვის შესაძლებლობას; ის გვახსენებს ჩვენში ხატებას ღვთისას, როგორც ამ დიდ საოცარ საფუძველს ჩვენი ბუნებისა და თითქოს გვეუბნება: – შეხედე, რა დიდი სიკეთე მიეცა ადამიანს! რა საოცარ სიმაღლეზე შეუძლია ადამიანს ავიდეს სულიერი კიბით, თუნდაც უკანასკნელი დაცემულობის ფსკერიდან!

ეს შეხსენებები, სიმბოლური მინიშნებები, რომლებიც იწყება დღევანდელი კვირიდან და გაგრძელდება შემდეგ კვირებში (ეს იქნება შემდეგ გრიგოლ პალამას სწავლება, ჯვრის თაყვანისცემა, იოანე კიბისაღმწერლის კვირა, მარიამ ეგვიპტელისა), სულიერად გვაძლიერებენ, გვიმტკიცებენ მართლმადიდებლურ რწმენას ღვთისა და ადამიანისა და მოგვიწოდებენ ქმედითი სიყვარულისკენ. ამიტომ ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ მოწოდებებს, ამ მინიშნებებს სულიერი ღვაწლით და ქმედითი სიყვარულით, კეთილგანწყობით ადამიანებისადმი, მათი ცხოვრებისადმი და მათი გულწრფელი, კეთილი მისწრაფებებისადმი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას: 1990 წელს, ღვთის შეწევნით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაუღალავი ღვაწლით და შრომით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. სწორედ ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით მთელ ჩვენს ეკლესიას საზეიმოდ გადასცა ორი სიგელი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი. ეს იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ეკლესიის, საბოლოო გამარჯვება იყო ამ დიდ ბრძოლასა და ღვაწლში, რაც უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვებას და მის აღიარებას.

ჩვენ დღეს დიდ მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან სწორედ მან დააგვირგვინა თავისი ღვაწლით ეს შრომა და ბრძოლა, რომელიც დაიწყეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და სულის სიმხნევე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტებისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.

თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და შეგვეწიოს უფალი, რომ მომავალშიც ჩვენი ერი ყოფილიყოს ერთგული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი ეკლესიისა, როგორც უმთავრესი საუნჯისა, რომელიც გვებოძა ღვთისგან და რაც არის, ყოველთვის იყო და არის მთავარი საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა. ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, – აცხადებს მიტროპოლიტი შიო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.როგორც პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.„რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ტელეფონით ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“, – აღნიშნავს პრემიერი. 

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგად ამერიკელთა მხოლოდ 27% უჭერს მხარს ირანზე აშშ-ის დარტყმებს, 43% ირანზე დარტყმების წინააღმდეგია

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგად ამერიკელთა მხოლოდ 27% უჭერს მხარს ირანზე აშშ-ის დარტყმებს, 43% ირანზე დარტყმების წინააღმდეგია გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის ირანზე დარტყმებს 43% არ ეთანხმება56% მიიჩნევს, რომ ტრამპი ზედმეტად მზად არის სამხედრო ძალის გამოყენებისთვისამერიკელები შეშფოთებულნი არიან შესაძლო მსხვერპლით და საწვავის ფასების ზრდით ვაშინგტონი, 1 მარტი (Reuters) – ამერიკელთა მხოლოდ ყოველი მეოთხე მოქალაქე ამტკიცებს აშშ-ის დარტყმებს, რომლებმაც ირანის ლიდერი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით ნახევარი — მათ შორის ყოველი მეოთხე რესპუბლიკელი — მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი Donald Trump ზედმეტად მზად არის სამხედრო ძალის გამოყენებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში, რომელიც კვირას დასრულდა. გამოკითხულთა 27%-მა განაცხადა, რომ დარტყმებს ეთანხმება, 43% წინააღმდეგია, ხოლო 29%-ს მკაფიო პოზიცია არ აქვს. რესპონდენტთა დაახლოებით ათიდან ცხრამ თქვა, რომ დარტყმების შესახებ მაინც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა მიღებული. სამხედრო ოპერაცია შაბათს დილით ადრე დაიწყო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალ ლიდერებს მასთან საუბარი სურთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ ირანის ახალ ლიდერებს „საუბარი სურთ“.„მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ მათ გავესაუბრები. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ის, რაც ძალიან პრაქტიკული და ადვილი იყო, უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ისინი ძალიან დიდი ხანი იცდიდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდისთვის გეგმავს ირანულ მხარესთან საუბარს.„ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ლიდერი, რომელთანაც აშშ-ის ადმინისტრაციის წევრები საუბრობდნენ, მოკლულია.„ამ ადამიანების უმეტესობა დაიღუპა. ზოგიერთი იმ ადამიანთაგანიც დაიღუპა, ვისთანაც გვქონდა საქმე, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ოპერაცია გრაფიკზე ადრე მიმდინარეობს – „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაცია ირანში „გრაფიკზე ადრე“ მიმდინარეობს.„ეს არის ძალიან ძალადობრივი რეჟიმი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველაფერი გრაფიკზე ადრეა. ამჟამად ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ძალიან პოზიტიურად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში დღეს კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია 2 მარტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით 15:00 საათამდე შეჩერდა.„კატარის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.„კატარის ავიახაზები“ განმარტავს, რომ დამატებით ინფორმაციას ორშაბათს, დოჰას დროით დილის 9:00 საათისთვის გაავრცელებს.„ეთიჰადის“ ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან რეისები ორშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით დილის ორ საათამდე შეჩერდა.

ბოლო სიახლეები